“საკონსტიტუციო რეფორმაში ვენეციის კომისიის 23 შენიშვნიდან 20 გათვალისწინებულია”
“იმედი მაქვს, ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება ზიანს არ მიაყენებს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან დაწვრილებით ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე და აღნიშნა, რომ არც ერთი ცვლილება, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან და ვენეციის კომისიის დასკვნებთან წინააღმდეგობაში იქნება, არ მიიღება.
კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის 23 შენიშვნიდან 20 გათვალისწინებულია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინააღმდეგობები, რაც ოპოზიციური პარტიებიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე საკითხმა გამოიწვია. მათ შორის საარჩევნო სისტემამ და პრეზიდენტის არჩევის წესმა.
“4 თვე ვიმუშავეთ ყოველდღიურად საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ათობით შეხვედრა ჩავატარეთ. აპრილის ბოლოს დავდეთ დოკუმენტი. შეიქმნა საპარლამენტო სისტემის დახვეწისკენ მიმართული დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, კომისია დატოვა ოპოზიციამ. 5%-იანი საარჩევნო ზღურბლი პარტიებისთვის, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ასევე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევიდან არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი. ახლა პრეზიდენტის არჩევასა და მის მანდატს შორის ბალანსი არ არსებობს. თანაც არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევაზე არა შემდეგი წლიდან, არამედ 2022 წლიდან გადავდივართ, რომ არ ეთქვათ, რომ ეს მმართველი პარტიის ინტერესებში შედის. რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში წინააღმდეგობები იყო. გვაქვს 116 მანდატი, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გვჭირდება 113 ხმა. თუმცა გვყავს 73 მაჟორიტარი და მათი უმრავლესობა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. ამიტომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნების შემდეგ გადაწყდა,”- განაცხდა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ელოდება ვენეციის კომისიის მეორე, საბოლოო დასკვნას კონსტიტუციის პროექტზე, რის შემდეგაც, ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებენ.
“ვიმედოვნებ, ვენეციის კომისიის შეფასება ზიანს არ მიაყენებს ამ პროცესს. ველოდებით მათ მეორე, საბოლოო შეფასებას. 26 სექტემბერს, პლენარულ სესიაზე მივიღებთ ცვლილებებს კონსტიტუციაში,” – განაცხადა კობახიძემ.