საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ შრი ლანკის დემოკრატიულ – სოციალისტურ რესპუბლიკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, 2017 წლის 18 სექტემბერს შრი ლანკის დემოკრატიულ – სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა შრი ლანკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ვასანთა სენანაიკესთან, საგარეო საქმეთა მდივნის მოვალეობის შემსრულებელ მ. მ. ჯაფერთან და მინისტრის მოადგილე ა. ლ. აზიზთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და შრი ლანკას შორის ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში განიხილეს. მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობა აღინიშნა. შრი ლანკის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დელეგაციის შეხვედრა შრი ლანკის ტურიზმის განვითარებისა და ქრისტიანულ-რელიგიურ საქმეთა სამინისტროს მდივან ესალა ვირაკუნთან შედგა, სადაც ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. დადებითად შეფასდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შრი ლანკიდან საქართველოში ვიზიტორთა მზარდი დინამიკა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და შრი ლანკის ტურიზმის განვითარების ადმინისტრაციის მხრიდან გამოთქმული მზადყოფნა, ადინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, შრი ლანკაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია, ასევე შრი ლანკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის პრეზიდენტს სარათ კაჰაპალარაჩის და ფედერაციის გენერალურ მდივანს, აღმასრულებელ დირექტორს აჯიტ დ. პერერას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის კონტაქტების დამყარების მნიშვნელობაზე და უახლოეს მომავალში ბიზნეს დელეგაციების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს სამრეწველო პალატასა და შრი ლანკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.