“მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ბიუჯეტის განხილვის პროცესში, ამერიკისთვის საქართველო იყო მოხსენებული, როგორც სანდო და მჭიდრო პარტნიორი”
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც თავდაცვის სფეროს ეხება და აღნიშნა, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მისივე თქმით, დოკუმენტში ცალსახად დაგმობილია ის, რასაც საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი ახორციელებს.
“თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი გვაქვს, რაც დადასტურებულია იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არა მხოლოდ განცხადებებს ვიღებთ, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდამჭერია, არამედ მხარდაჭერას ვიღებთ საკანონდებლო აქტებშიც, რაც აქამდე არ ყოფილა. ამჟამად, სხვადასხვა უწყების ბიუჯეტი განიხილება კონგრესსა და სენატში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ბიუჯეტის განხილვის პროცესში, ამერიკისთვის საქართველო იყო მოხსენებული როგორც სანდო და მჭიდრო პარტნიორი. დოკუმენტი ცალსახად ამბობს იმას, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ასევე დაგმობილია ის, რასაც საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი ახორციელებს”, – განაცხადა ხულორდავამ