“ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები” – ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობისთვის იურისტი დავით ლანჩავა იბრძოლებს

“ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები” – ამ სლოგანის ქვეშ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობისთვის იურისტი დავით ლანჩავა იბრძოლებს. სამართალმცოდნე ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ორგანიზაციამ “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” ქალაქ მცხეთაში წარადგინა.
პრეზენტაციას ადვოკატები, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები და დავით ლანჩავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატს 25 წუთიანი პროგრამის პრეზენტაცია ჰქონდა, რა დროსაც მან დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა და სამოქმედო გეგმა გააცნო.
“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოებრივი აზროვნების დამკვიდრებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასოციაცია უნდა თანამშრომლობდეს სახელმწიფოსთან ნაცვლად იმისა, რომ კონფრონტაციაში იყოს. ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს მათი პარტნიორი და უნდა ახორციელებდეს ისეთ პროექტებს, როგორიც არის მაგალითად, სახელმწიფოსთან ერთად ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა ასოციაცია არა ვიწრო ჯგუფის წარმომადგენელი, არამედ გახსნილი ორგანიზაცია იყოს ყველა ადვოკატისთვის. ასოციაციაში ყველა ადვოკატს მაქსიმალური ჩართულობა უნდა ჰქონდეს, რაც ამჟამად არ ან ვერ ხორციელდება.
ჩვენ არავის არ ვაკრიტიკებთ, ყველამ ის გააკეთა, რაც შეეძლო, თუმცა ჩვენ გვსურს უფრო წინ წავიდეთ და შევქმნათ 21-ე საუკუნის ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული ადვოკატის შესაძლებლობების განვითარებაზე” – განაცხადა დავით ლანჩავამ.
“საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ბუაძის თქმით, დავით ლანჩავას მიერ განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობს, რომ ადვოკატთა კორპუსი უფრო ღირსეული გახდეს.
“ჩვენ დავით ლანჩავასთან ერთად გვაქვს ახალი ხედვა. სწორედ ამის გამო წარვადგინეთ ის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რეალურად გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ადვოკატთა კორპუსი უფრო კარგი და ღირსეული გახდეს. დავით ლანჩავა არის ის ადამიანი, რომელიც რეალურად სიახლეებს დანერგავს”-განაცხადა “საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბუაძემ.
საღამოზე იურისტების გარდა საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც იყვნენ მიწვეული. ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე დავით ლანჩავას პროფესიონალ და ნიჭიერ პიროვნებად ახასიათებს.
“მოჭადრაკეებსა და ადვოკატებს ერთი რამ აერთიანებთ – ესაა ლოგიკა. თუმცა ადვოკატებისგან განსხვავებით მოჭადრაკეებს არ შეუძლიათ ამ ლოგიკური მოსაზრებების ისე გადმოცემა, როგორც ადვოკატებს. დავით ლანჩავას მე დიდი ხანია ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ის არის პროფესიონალი, ასევე უნიჭიერესი პიროვნება და ქრისტიანული ზნეობის მატარებელი” – განაცხადა მაია ჩიბურდანიძემ.
“დავით ლანჩავასთან შეფასებისას მე ობიექტური ვერ ვიქნები, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის როგორც პროფესიონალი, ასევე უდიდესი პიროვნება. რასაც მიზნად დაისახავს ყველაფერს აღწევს და იმედი მაქვს, მას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს” – განაცხადა პიანისტმა დავით ალადაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერშია ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები