“თუკი ვნახავთ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობაა, ამას ძალიან მყისიერი და ადეკვატური შეფასება მოჰყვება აუდიტის მხრიდან”
“თუკი ვნახავთ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობაა, ამას ძალიან მყისიერი და ადეკვატური შეფასება და რეაგირება მოჰყვება”, – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილი აცხადებს.
მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე საკუთარ გეგმებსა და ხედვებს ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აცნობს.
”ჩვენი საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპზე იქნება აგებული. ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. სამსახური ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს. მისი საქმიანობა უნდა იყოს პრევენციული ხასიათის და არა რაიმე სადამსჯელო სტრუქტურა. თუმცა, თუკი ვნახავთ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობაა, ამას ძალიან მყისიერი და ადეკვატური შეფასება და რეაგირება მოჰყვება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტმა მოახდინოს რეაგირება და დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაზე”, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დასმულ კითხვაზე მექვაბიშვილმა აღნიშნა, რომ გენერალურ აუდიტორს აქვს საკადრო გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რასაც საჭიროების შემთხვევაში გააკეთებს. ამ კონტექსტში მეტი დაკონკრეტებისგან მექვაბიშვილმა დღეს თავი შეიკავა.