ოდესის სასამართლომ 2014 წლის არეულობაში ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო

ოდესის ქალაქ ჩერნომორსკის სასამართლომ 2014 წლის 2 მაისს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით დაკავებული ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო, ისინი სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს. სულ დაკავებული იყო 5 პირი. 2014 წლის მაისში ოდესაში პრორუს და რუსეთის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შორის შეტაკებასა და პროფკავშირების სახლში გაჩენილ ხანძარს 48 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად ჩათვალა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს და მონაწილეობა მიიღეს მასობრივ არეულობაში. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ჩერნომორსკში, სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ადამიანების უკმაყოფილება მოჰყვა. მოხდა შეტაკებაც. ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. აქტივისტებმა სამართალდამცავებს ბოთლები და ქვები ესროლეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სექტემბრის დასაწყისში ბრალდების მხარემ 2 მაისის არეულობის საქმის ფიგურანტებისთვის რვიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. გამოძიება სულ 19 ადამიანის წინააღმდეგაა დაწყებული. მათგან ხუთი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთის ორი მოქალაქე ევგენი მეფედოვი და მაქსიმ საკაუოვი. მათთვის ბრალდების მხარე 12 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები