საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები და უმრავლესობის ლიდერი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი სტუმრები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.
პარლამენტის წევრებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს.
არჩილ თალაკვაძემ სტუდენტებს წარმატება უსურვა მომავალი პროფესიის დაუფლების პროცესში. აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რადგან სწორედ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში დაეუფლა პროფესიულ ცოდნას.
„თქვენ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პროფესია გაქვთ არჩეული, თუმცა ეს არ არის მარტივი გზა. ჩაბარების მომენტიდან სწავლის დასრულების ეტაპამდე საკმაოდ რთული პროცესი გაქვთ გასავლელი, მაგრამ ეს არის ყველაზე დასაფასებელი შრომა, თუნდაც ემოციური თვალსაზრისით, როცა თქვენ დაინახავთ თქვენ მიერ განკურნებულ პაციენტს,” – მიმართა სტუდენტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ახალგაზრდებს შეახსენა სამედიცინო პრაქტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი – „პირველ რიგში, არ ავნოთ”, რომელიც მისივე თქმით, უნდა გახდეს მომავალი ექიმების სწავლისა და პრაქტიკის ამოსავალი წერტილი.
„მაქსიმალურად სწორი და უახლესი ცოდნით, მტკიცებულებებზე დაფუძნებით უნდა შეხვდეთ აბსოლუტურად ყველა ეტაპს თქვენს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ ბევრი გამორჩეული და წარმატებული მედიკოსი გვეყოლება თქვენი თაობიდან”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა მისასალმებელ სიტყვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები