რატომ „დასცხეს” ერთმანეთს ბრიუსელში სააკაშვილმა და კეზერაშვილმა?!

რატომ “დასცხეს” ერთმანეთს ბრიუსელში სააკაშვილმა და კეზერაშვილმა?! – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
“კვირის პალიტრას” ინფორმირებული წყარო უყვება, რომ სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც “ნაცმოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა – თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბოლოო არჩევანის წინაშე დადგა, წინასაარჩევნოდ მხარი პარტიის მოქმედი წევრებისთვის დაეჭირა თუ ყოფილებისთვის. „ფაქტია, მან „ევროპულ საქართველოსთან” მეგობრობის გაგრძელება არჩია და ნიკა მელიას, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის საჯარო რისხვაც დაიმსახურა.
„ზაალ უდუმაშვილი წყალგამყოფი აღმოჩნდა კეზერაშვილისთვის, რადგან მისი კანდიდატად დასახელება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა „ევროპული საქართველოსთვის” – ბოკერიამ დაკარგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი “რუსთავი 2”-ის სახით, რადგან ნიკა გვარამიამ და მთლიანად ტელევიზიის გუნდმა მხარი ზაალ უდუმაშვილს დაუჭირეს. წლებია “რუსთავი 2”-ს დავით კეზერაშვილი აფინანსებს, ამიტომ ფულადი დახმარების გაგრძელება “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ გალაშქრების ტოლფასი იყო, რისი მოლოდინიც, დიდი ალბათობით, კეზერაშვილისგან თავად სააკაშვილსაც არ უნდა ჰქონოდა.. არ დაგვავიწყდეს, რომ გიგა ბოკერიას ქვისლი კახაბერ ნინუა და დავით კეზერაშვილი უახლოესი მეგობრები არიან. ისინი „ გალფ რეისინგში“ პარტნიორები იყვნენ – კახაბერ ნინუა დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიის დირექტორის იყო წლების განმავლობაში,მანამდე კი, მინისტრობის პერიოდში, კეზერაშვილმა ნინუას სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ჩააბარა. ბოკერიასა და მისი ოჯახის გარდა, კეზერაშვილი გიგი უგულავას ბავშვობის მეგობარია, შესაბამისად, მას უფრო მეტი საერთო ჰქონდა და „ევროპულ საქართველოსთან“, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილ მისთვის უცნობ ჯგუფთან. ამბობენ იმასაც, რომ კეზერაშვილმა საქართველოში ყველა ბიზნესი შეინარჩუნა, რის გამოც საქმიანი თვალსაზრისით გარკვეულ დათმობაზე წასვლამ მოუწია. სააკაშვილი და კეზერაშვილი ბოლოს ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ , სადაც მათ შორის მძიმე საუბარი გაიმართა . კეზერაშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ ფულს აღარ მისცემდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი გაცოფდა – შენი გადასაგდები ვინ არისო და ერთმანეთს „დასცხეს”. ამ შეხვედრის დეტალები მარტივი ამოსაცნობია, თუ ნიკა მელიას განცხადებას ჩავუღრმავდებით, რაც, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო“, -აცხადებს ინფორმირებული წყარო. ნიკა მელიამ გამოცემასთან საკითხზე დამატებითი განმარტებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაპირისპირებაზე დაუფარავად საუბრობენ „ ევროპულ საქართველოში“.
„მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ილუზიებშია და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ისეთ რაღაცებს კადრულობენ, რასაც ყველაზე დაბალი კომპეტენციის, უღირსი პოლიტიკოსებიც კი არ იკადრებენ.დავით კეზერაშვილს დიდი ხანია არ შევხვედრივარ, თუმცა, დიახ, მას პარტიის წევრებთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, მაგრამ რატომ არის ეს გარიგება?!“ -აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები