ოდესაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ოდესის საქალაქო საბჭოსთან მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება საბავშვო ბანაკ “ვიქტორიაში” 16 სექტემბრის ღამეს დატრიალებულ ტრაგედიას მოჰყვა, სადაც ხანძრის შედეგად 3 არასრულწლოვანი დაიღუპა, 2 კი, დაშავდა. მოქალაქეებმა საბჭოს შენობაში შეჭრა ორჯერ სცადეს, თუმცა მათ ამაში ხელი დაცვამ შეუშალა. ჩამსხვრეულია საქალაქო საბჭოს შენობის შუშები. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ხანძარი საბავშვო ბანაკში ღამის 04:00 საათზე გაჩნდა. შენობაში მყოფი მოზარდების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სამი მათგანი ალმოდებულ კორპუსში დარჩა. მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. შენობიდან ევაკუირებულ ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ბანაკში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია მწყობრიდან იყო გამოსული . ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე, უცნობია.