„ეს არის მორალური დეგრადაცია, ეს კატასტროფაა!“ – ვატო შაქარიშვილი ბურჭულაძის საქმიანობის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძის ფონდი ეწეოდა აფიორას, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ვატო შაქარიშვილი PosTV-ის საგამოძიებო სტუდიის მიერ მომზადებულ ფილმში წარმოდგენილ მასალებს, რომლითაც PosTV-ი ფონდ „იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.
როგორც ვატო შაქარიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო ფილმში ასახული მასალები, ფაქტობრივად, წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფონდი „იავნანა“ ქველმოქმედების სახელით თაღლითობდა, რეალურად კი თანხებს პოლიტიკურ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას ახმარდა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ პროკურატურის მხრიდან საქმეს პირველი რეაგირება უკვე მოჰყვა. „ფილმში, რომელიც ვიხილეთ, მოცემულია ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცებულება – ფილმი დაყრდნობილია იმ ანგარიშებზე, რაც წარმოდგენილი ჰქონდა თავად ბურჭულაძის ფონდს.
პროკურატურის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი ადეკვატურია – პირველ რიგში, უნდა მოხდეს შესწავლა და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, მოხდება შესაბამისი რეაგირება.
მე ვფიქრობ, რომ ფილმში იმდენად მყარი გადამოწმებული ფაქტებია წარმოდგენილი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული აუცილებლად გამოიკვეთება. ეს არის მორალური დეგრადაცია, ეს კატასტროფაა! ამაზრზენი ფაქტია – საზოგადოებაზე მანიპულირებდე ადამიანების გაჭირვებით და შემდეგ ამ თანხებით მდიდრდებოდე – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულიც და ასევე მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა დაეკისროს ფონდს და ბურჭულაძეს. ძალიან მცირე თანხა იხარჯებოდა ქველმოქმედებაში, დანარჩენი ფინანსებით, ყიდულობდნენ ძვირადღირებულ ავტომობილებს, და რაც მთავარია, ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნები ედო საფუძვლად, რაც ორმაგად ამაზრზენი ფაქტია. ქველმოქმედება ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საქმიანობაა, რომელიც სიკეთის უანგაროდ კეთებას გულისხმობს, ჩვენ რაც ამ ფილმში ვნახეთ, ამას ქველმოქმედებას ნამდვილად ვერ დავარქმევ, ეს არის თაღლითობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ საქმიანობას, რასაც ქველმოქმედება ჰქვია, ჩრდილი ადგება საზოგადოების თვალში და ვშიშობ, ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ზოგადად ქველმოქმედების მიმართ. როგორც გვახსოვს, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ სივრცეში ჩაერთო და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდა – მარტივი ამოსაცნობია თუ როგორ დახარჯავდა ის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს. თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან მალე გაიშიფრა საზოგადოების მიერ.
კიდევ ერთი გარემოება, რომ პაატა ბურჭულაძე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა – ჯერ თავს ასაღებდა პროდასავლურ პოლიტიკოსად და ახლა ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა“, – განუცხადა „კვირას“ ვატო შაქარიშვილმა. შაქარიშვილის თქმით, საგამოძიებო ფილმში წარმოდგენილ მასალებზე, ვერც პაატა ბურჭულაძემ და ვერც ფონდმა „იავნანა“ ადეკვატური პასუხი ვერ გასცეს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფონდის საქმიანობა იყო თაღლითური. „პაატა ბურჭულაძე – კაცი, რომელიც დღეს რუსეთში ერთ-ერთ წამყვან თეატრს ხელმძღვანელობს, საბჭოურ პროპაგანდაზე საუბრობს – ეს ყველაფერი უბრალოდ სასაცილოა. „იავნანას“ განცხადებაში ნიშანდობლივია, რომ მათ არ აქვთ არანაირი პასუხი იმ ფაქტებზე, რომლებიც საზოგადოებამ იხილა. ფონდი ვერ პასუხობს წარმოდგენილ ბრალდებებს, ისინი განცხადებაში მხოლოდ პაატა ბურჭულაძის, როგორც პიროვნების გამართლებას ცდილობენ.
უმჯობესი იქნებოდა, მათ ჰქონოდათ რაიმე პასუხები მაინც საგამოძიებო ფილმში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ფილმში წარმოდგენილია კონკრეტული ფაქტები და ამ ფაქტებსა და დოკუმენტებს მათ ვერ დაუპირისპირეს ადეკვატური პასუხები. რაც შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად დადასტურებაა იმ ყველაფრისა, რაც საზოგადოებამ ფილმში იხილა“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ “ მთავარ პროკურატურას ფონდ „იავნანასა“ და ფონდის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართა. საუბარია PosTV-ის საგამოძიებო სტუდიის მიერ მომზადებულ ფილმში წარმოდგენილ მასალებზე, რომლითაც PosTV-ი ფონდ „იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.
პაატა ბურჭულაძე ბრალდებებს მის მიმართ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები