კახა კალაძე: „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი, 6 მილიონი მქონდა ხელფასი, ეს იყო ჩემი შემოსავლებით შეძენილი მიწა, ბიუჯეტი არ გამიძარცვია

​„წლების განმავლობაში ვიყავი „მილანის” ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი, არ დაგიმალავთ, 6 მილიონი მქონდა ხელფასი, ანუ რაღაცეები შემეძლო გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფის“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ “არქი ჯგუფს” ორი ნაკვეთი მიჰყიდა. როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, “არქი ჯგუფის” ერთი კორპუსი ნუცუბიძეზე იმ ადგილას შენდება, სადაც მისი მიწა იყო. “არ არის ეს სწორი ინფორმაცია რომ თითქოს მიწის ორი ნაკვეთი მივყიდე, მე მივყიდე ერთი ნაკვეთი სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფს”. ერთი კორპუსი შენდება იმ ადგილას, ნუცუბიძეზე, რომელიც იყო ჩემი საკუთრება, რომელზეც იყო რესტორანი აშენებული. მიწა 2006 თუ 2007 წელს მაქვს ნაყიდი, ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მიწის გაყიდვას რაც შეეხება, მიწა მე გავასხვისე, ბიუჯეტი არ გამიძარცვია, ეს იყო ჩემი შემოსავლებით შეძენილი. წლების განმავლობაში ვიყავი „მილანის” ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი, არ დაგიმალავთ, 6 მილიონი მქონდა ხელფასი, ანუ რაღაცეები შემეძლო გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე. რომელ მეორე ნაკვეთზე საუბრობთ ეს არ ვიცი”, – განაცხადა კახი კალაძემ. გარდა ამისა, კალაძემ სამსართულიან შენობის ნაცვლად რვასართულიანი კორპუსის მშენებლობაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. კალაძე აცხადებს, რომ არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის ტირაჟირება.
“მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. კანონის დარღვევა არ ყოფილა არც ერთ გადადგმულ ნაბიჯზე. ნებართვა მე არ მომითხოვია, მინდობილობა ჰქონდა მიცემული “არქი ჯგუფს” და მათ გააკეთეს პროექტიც და კოეფიციენტების შესყიდვაც”, – აღნიშნა კახა კალაძემ. კალაძე აცხადებს, რომ არ აპირებს ელენე ხოშტარიასთვის პასუხის გაცემას, რომელსაც მისი თქმით, რეიტინგი ნული აქვს. “ელენე ხოშტარიას როგორც ვუპასუხო, მისი მეუღლე არის “m კვადრატის” დირექტორი თუ რაღაცა და როგორ შეიძლება ვუპასუხო ელენე ხოშტარიას, რომელსაც რეიტინგი აქვს ნულზე ქვემოთ. მე მგონი, არასწორია. სამშენებლო მაქინაციებში დადანაშაულებას რაც შეეხება, მე მადანაშაულებს თუ მის მეუღლეს, გაერკვეს კარგად”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები