ოთარ დანელია საფრანგეთში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენის გახსნას დაესწრო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდა და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) – საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანა გახლდათ. აქ მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენათა ციკლი „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” გაიხსნა.
,,ბორდო წარმოადგენს მეღვინეობის მსოფლიო ცენტრს. შესაბამისად, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე საქართველო წარდგეს არა მხოლოდ ერთი – მეღვინეობის მიმართულებით, არამედ კომპლექსურად – კულტურული, ეთნოგრაფიული, ისტორიული მიმართულებითაც,”-აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ქართული გამოფენის ფარგლებში, „იუნესკოს” მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის” მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ღვინის ცივილიზაციის ცენტრის ცენტრალურ შესასვლელში, სპეციალურად ამ გამოფენისთვის დამზადებული დიდი ზომის ქვევრი განთავსდა, რომელიც მუდმივ ექსპოზიციაში დარჩება.
გარდა ამისა, გამოფენისთვის, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს. გამოფენა ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს.
მსოფლიო ღვინის დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, ქართული ღვინის გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები