დავით ნარმანია: პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი დარჩება

დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის სხვადასხვა სამსახურების, კომპანია „ჯი ვი პი”-სა და „ბლექ სი გრუპის“ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

მისივე თქმით, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. „მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ესეც საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ. რეაბილიტაციის ფარგლებში, პეკინის ქუჩაზე, დაიგო ასფალტის ახალი საფარი; სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები; წყალსადენის ქსელი, გერმანელი ექსპერტების დახმარებით, ევროპული ტექნოლოგიით სრულად განახლდა; ექსპლუატაციაში გაშვებამდე ქსელს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა; გამოიცვალა შუქნიშნის ყველა (6) ობიექტი და ისინი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურითა და „სიმენსის“ უახლესი კონტროლიორებით აღიჭურვა.
პეკინი – ვაჟა ფშაველასა და პეკინი – ყაზბეგის გამზირის კვეთებში გაკეთდა უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და 1 საავტომობილო ზოლი დაემატა. დაპროექტდა ველობილიკი, სადაც ველოსადგომებისთვის ოთხი ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახურის მიერ, ველობილიკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იგეგმება ავტობუსების ზოლების „ბასლაინების“მოწყობა, რის შემდეგაც ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება. “ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე 100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც დეკორატიული ბუჩქები დაირგვება. შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება. „პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები