პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას, მმართველ ძალას და ვენეციის კომისიას ერთობლივ დოკუმენტს წარუდგენენ.
აღნიშნული შედეგით დასრულდა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფორმის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით წამოწყებული პროცესი ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებით დასრულდება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადარჩენის შანსია.
“დღევანდელ შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება. ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის გუნდის ერთიანი ხედვა. უკვე უახლოეს დღეებში, მომდევნო კვირის დასაწყისში ეს ყველაფერი საბოლოოდ დოკუმენტური სახით ჩამოყალიბდება და წარედგინება საზოგადოებას, საპარლამენტო უმრავლესობას, ვენეციის კომისიას. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები