პრემიერის თქმით, “ქართული ოცნება” საზოგადოების მოთხოვნას მაღალი დონის დემოკრატიით პასუხობს

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საზოგადოების მოთხოვნას მაღალი ხარისხის დემოკრატიულობით “ქართული ოცნება” პასუხობს, ხალხი ითხოვს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიას და ამ მოთხოვნას მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” უპასუხა.
პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ განაცხადა სასტუმრო “რუმსში” გამართულ კონფერენციაზე.
“დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები ბატონი პრეზიდენტის ზოგიერთ შეფასებას კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ საკითხს შევეხო, რადგანაც ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს დღის წესრიგში. ჩვენი საზოგადოება ითხოვს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიას და ამ მოთხოვნას მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ უპასუხა, მოამზადა რა კონსტიტუცია საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, დისკუსიების ინკლუზიური პროცესის შედეგად. კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით იყო მიღებული, არის კომპრომისების შედეგი. ის შეიძლება იდეალური არ იყოს, შესაძლოა, ყველას მოწონება ვერ დაიმსახუროს, მაგრამ ის არის კომპრომისების შედეგად მიღებული. მე შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კონსტიტუციიდან. მაგალითად, ძლიერი პარლამენტი. ჩვენ მივიწევთ საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემისკენ. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ეს საკითხებია – ეფექტიანი მმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უპარტიო პრეზიდენტი. ყოველივე ეს ჩადებულია ახალ კონსტიტუციაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობა ამდენიმე სახის დათმობაზე წავიდა. ყველაზე დიდი კომპრომისი ეხება პარლამენტის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. “ჩვენ წავედით რამდენიმე სახის დათმობაზე. ყველაზე დიდი კომპრომისი ეხება პარლამენტის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. გვქონდა ძალიან ხანგრძლივი დისკუსიები, როგორც საზოგადოებასთან, ისე – უმრავლესობის ფარგლებში. სხვათა შორის, ჩვენი უმრავლესობა შედგება ხუთი სხვადასხვა პარტიისგან, ანუ არ არის მხოლოდ ერთი პარტია – „ქართული ოცნება“. კიდევ ერთი კომპრომისი – 2020 წლის არჩევნებისთვის შევამცირეთ ხუთპროცენტიანი ბარიერი.
გარდა ამისა, დავთანხმდით პირდაპირი წესით კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ექვსი წლით, რათა შემდეგ შემოვიღოთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და, ამავე დროს, გადავიდეთ პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე. კიდევ ერთი კომპრომისი – ე.წ. ბონუსების სისტემის შეცვლა, რათა პარლამენტში მანდატების მაქსიმალური რაოდენობა შემოიფარგლოს 89 ადგილით. გარდა ამისა, თუ მმართველო პარტია ვერ მიიღებს 76 მანდატს, ჩვენ არ მოგვენიჭება ე.წ. ბონუსები.
თავად ბონუსი კი შემოიფარგლება იმ ხმების 35 პროცენტით, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. დღეს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით . მისი სახელწოდებაა: “მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები