ნინო წილოსანი: სავალალო მდგომარეობაა, რომ რადიკალი ოპოზიციონერები ვერ ხვდებიან, რა არის ქართველი ხალხისთვის პრიორიტეტი – „მეგობარი აქტი“ მათთვის ხავსია, რომელსაც ეჭიდებიან
[„მეგობარი აქტი“] ნამდვილად მაშველი რგოლია, ხავსია, რომელსაც ოპოზიცია ეჭიდება იმ პირობებში, როდესაც ისინი ვერ ეფუძნებიან ხალხის ძალას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე უცხოეთის, გარე ძალების იმედად არის დარჩენილი.
„სავალალო მდგომარეობაა, რომ აქ მყოფი რადიკალი ოპოზიციონერებიც ვერ ხვდებიან, რა არის ქართველი ხალხისთვის პრიორიტეტი. ქართველი ხალხისთვის პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ეროვნული იდენტობა, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა საიდან დაარტყამენ – ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან; ამოსავალი წერტილი და ცენტრი მთლიანად ჩვენი გადაწყვეტილებების და ერის პოზიციის, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ შეიცვალოს ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც დასავლეთის პოლიტიკოსების და სხვადასხვა ინსტიტუციების მხრიდან მოდის. ჩვენ ამის დიდი სურვილი გვაქვს და მათ შორის, ლევან დავითაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში, ის ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები, გარკვეულწილად წინაპირობადაც შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა არა საბოლოო ეტაპად, რადგან ჩვენ, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი და მთლიანად მსოფლიო ელოდება იმას, რამდენად მოახერხებს დონალდ ტრამპი დიფ სთეითთან, ოლიგარქიულ არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლას და ამ ბრძოლის მოგებას.
[მეგობარი აქტი] ნამდვილად მაშველი რგოლია, ხავსია, რომელსაც ოპოზიცია ეჭიდება იმ პირობებში, როდესაც ისინი ვერ ეფუძნებიან ხალხის ძალას. დაწოლის წერტილი სრულად გადატანილი არის უცხოეთზე, მათ განცხადებებზე, აქტებზე, რეზოლუციებზე და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის მასშტაბით ყველა ამგვარი აქტივობა მეტ-ნაკლებად მოილიეს; ყველა რეზოლუცია რაც შეიძლება მიღებულიყო, მიღებულია, ყველა უსამართლო განცხადება გაკეთებულია და ამას ძალიან კარგად გაუძლო ქართველმა ხალხმა და საბოლოო გადაწყვეტილებებში, მათ მოქმედებებში არ ასახულა, ამიტომ ახლა ეს ტალღასავით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე დოზირებულად, წვეთ-წვეთად ზემოქმედებენ ქართველ ხალხზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან დიდი ინსტიტუციური და ისტორიული მეხსიერება გვაქვს, ძალიან კარგად ვიცით, რომ პერიოდები იცვლება, დრონი მეფობენ და არა მეფენი, თუმცა უცვლელი რჩება ჭეშმარიტება, ეს ჭეშმარიტებაა ის ქრისტიანული ღირებულებები, რომელზეც როგორც ჩვენ, ასევე დასავლეთია დაფუძნებული და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის გადაზრდილი რელიგიურ ომში. ფაქტობრივად, ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ღირებულებებს და ფასეულობებს ებრძვიან რელიგიად ქცეული ულტრა ლიბერალური თუ ფაშისტური ღირებულებებით და იდეოლოგიით, ამიტომ ამ ბრძოლაში ვფიქრობ, რომ როგორც ყოველთვის ისტორიულად გაიმარჯვებს სწორი არჩევანი“, – განაცხადა წილოსანმა.