შალვა პაპუაშვილი: ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო – ერთია იზრუნო შენს ქვეყანაზე და მეორეა, როცა სხვის ხარჯზე, სისხლზე და ტირილზე გინდა აიწყო ბედნიერება

ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ერთია იზრუნო საკუთარ ქვეყანაზე, ინტერესებზე და მეორეა, როდესაც სხვის ხარჯზე, სისხლზე, ცრემლზე და ტირილზე ცდილობ ბედნიერების აწყობას.

„ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ევროკავშირი, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. რა თქმა უნდა, აქ მომხიბვლელობა დაწეულია. შევხედოთ ბალტიის ქვეყნებს. გუშინ, ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ასე უყურებენ უკრაინელებს, უკრაინის ომს. უკრაინაში ომის გაწელვა სასარგებლოა ლატვიისთვის. ეს გვითხრა დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება ომი, მით უფრო მშვიდად იქნებიან. წარმოიდგინეთ რა მორალური კრიტერიუმებია ზოგიერთ ხელისუფლებაში, რომ ასე ლაპარაკობენ. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებას. თვითონ ნატოს ქოლგის ქვეშ არიან თბილად, ტკბილად და მშვენივრად და ჩვენ, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ.

იმედი მაქვს, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში საზოგადოება გამოფხიზლდება და შეხედავს, რომ თავისი არსით საბჭოთა პოლიტიკა, რომელსაც მათი პოლიტიკური ელიტა აწარმოებს, მათ შორის, მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ბალტიისპირეთის ზოგიერთი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი, ამაზე საბოლოო ჯამში პასუხს მოსთხოვენ საკუთარ ხელისუფლებას და მოიყვანენ ხელისუფლებაში ისეთ ძალებს, რომლებიც იფიქრებენ. იმაში ცუდი არაფერი არ არის, რომ ლატვიის დაზვერვის სამსახური ფიქრობს ლატვიის უსაფრთხოებაზე. მაგრამ, ერთია იზრუნო შენს ქვეყანაზე, ინტერესებზე და მეორეა, როდესაც სხვის ხარჯზე, სისხლზე, ცრემლზე, ოფლზე და ტირილზე გინდა აიწყო შენი ბედნიერება. ეს რა დამოკიდებულებაა საერთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები