ნინო წილოსანი: „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი უკვე დაწერა, მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით, გადაარჩინა და დაიცვა არაერთი უსერიოზულესი რისკისა და გამოწვევისგან
„ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი უკვე დაწერა, მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით, გადაარჩინა და დაიცვა არაერთ უსერიოზულესი რისკისა და გამოწვევისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეულმა პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა აქცენტები, რომელიც უკავშირდებოდა არა მხოლოდ ქვეყნის გამთლიანებას, არამედ საზოგადოების გაერთიანებას, რასაც მთელი გუნდი იზიარებს.
„დღეს, „ქართული ოცნების“ დიდი პოლიტიკური ოჯახი კიდევ ერთხელ შეიკრიბა და პარტიის თავმჯდომარედ დამსახურებულად, კიდევ ერთხელ ავირჩიეთ ირაკლი კობახიძე. ის არის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი და მისი ლიდერობით „ქართულ ოცნებას“ არაერთი საარჩევნო გამარჯვება და არა მხოლოდ საარჩევნო, ზოგადად არაერთი პოლიტიკური გამარჯვებისთვის მიუღწევია.
მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კობახიძის აქცენტები მისი გამოსვლისას და რა თქმა უნდა, სრულად დავეთანხმები ქვეყნის გაერთიანების პრიორიტეტს. ეს გაერთიანება არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ იმ გარკვეულწილად მოგლეჯილ და მოწყვეტილ პატარა ჯგუფს ადამიანების, რომელიც სწორედ რომ გარკვეული გარე ძალებიდან და გარე დაკვეთიდან გამომდინარე მთლიანად განუდგა ამ ქვეყნის უმრავლესობას და განუდგა ყველაზე უმძიმესი ფორმებით. ამ ადამიანებმა საკუთარი ოჯახის წევრების, მეგობრების, უახლოესი ადამიანების წინააღმდეგ ყველაზე ბინძური მეთოდებით გაილაშქრეს. თუ ტყვიების სროლა არ ყოფილა, ამ შემთხვევაში მათ სიტყვიერად ისეთი შეურაცხყოფები და იმხელა ტკივილი მიაყენეს საკუთარ უახლოეს ადამიანებს, რომ ამ ყველაფერს ნამდვილად არ ჩაუვლია უმტკივნეულოდ და თავისთავად საზოგადოებას სჭირდება გამთლიანება, ამ რაღაც ტკივილის დავიწყება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამიტომ სრულად ვეთანხმებით მთელი პოლიტიკური გუნდი ირაკლი კობახიძის ამ აქცენტს და რა თქმა უნდა ის დიდი იდეა და თითოეული ჩვენგანის არსი ცხოვრების ამ შემთხვევაში, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნეს მიღწეული და ამას ნამდვილად შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით, რომლის საუკეთესო შემსრულებლები ვართ. „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი დაწერა უკვე. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით და გადაარჩინა და დაიცვა არაერთი უსერიოზულეს რისკისა და გამოწვევისგან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.