შალვა პაპუაშვილი: ბატონი ჯო უილსონი იანვარში მონაწილეობდა ღონისძიებაში ქალბატონ ლორა თორნტონთან ერთად, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ეძახის სექსუალურ მოძალადეს
„ბატონო ჯო უილსონი იანვარში მონაწილეობდა ღონისძიებაში, ქალბატონ ლორა თორნტონთან ერთად და განიხილავდნენ საქართველოს. ქალბატონი თორნტონი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ეძახის სექსუალურ მოძალადეს. ასე რომ, ბატონი უილსონი ჩამოყალიბდეს – ან ის არის ტრამპის მეგობარი, ან არის ლორა თორნტონის და მაკკეინის ინსტიტუტის მეგობარი, რომელიც ტრამპს ეძახის სექსუალურ მოძალადეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „მეგობარი აქტი“ USAID-ს სთხოვს, რომ შეადგინოს საქართველოს განვითარების სტრატეგია, იმის მიუხედავად, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ორგანიზაციას თაღლითობაში სდებს ბრალს.
„მეგობარი აქტის“ ინიციატორი ვინც არის, ბატონი ჯო უილსონი, ეს ადამიანი ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ადამიანი პირადად დამარცხდა ამ არჩევნებში – მან პირადად იწვნია მარცხი. ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა, რომ იწუნებს მის არჩევანს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს. ის დამარცხდა და ეს [მეგობარი აქტი] გარკვეული პოლიტიკური ვენდეტაა. ზუსტად ამას ვხედავთ ევროპარლამენტში, სხვადასხვა პარლამენტებში. ზოგიერთი ელჩი, რომელიც ჩართული იყო არჩევნებში, დამარცხდა და ახლა გაბრაზებულია, გასაგებია.
კარგი იქნება, საზოგადოებამ ძალიან დეტალურად წაიკითხოს რა არის ეს ე.წ. აქტი – მასში ამოიკითხავს მოწოდებას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა იმუშაოს კანონებზე. სად არის ოპოზიცია? შემოვიდნენ, რატომ არ შემოდიან? არჩეულ პარლამენტს აღიარებს და ამბობს, რომ პარლამენტის წევრებმა უნდა იმუშაონ ევროპასთან დაკავშირებულ რეფორმებზე და ა.შ.
ასევე, წერია, რომ მიმართავენ USAID-ს, რომ შეადგინოს საქართველოს განვითარების სტრატეგია. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია USAID-ს აფასებს, როგორც თაღლით ორგანიზაციას. არ ვიცი, კონგრესმენები საერთოდ კითხულობენ თუ არა, რას მისცეს ხმა. ჯო უილსონი, როგორც ამ აქტის ავტორი, ის თუ USAID-ის სიმპატიზანტია, გამოდის, რომ ის ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის შეფასებას ამასთან დაკავშირებით. USAID-სგან სტრატეგიებს ითხოვს, ორგანიზაციისგან, რომელიც ჩართული იყო აშშ-ის ადმინისტრაციის აღიარებით, თაღლითობებში და ა.შ.
გასაკვირი არ არის, რადგან ბატონო ჯო უილსონი იანვარში მონაწილეობდა ღონისძიებაში, ქალბატონ ლორა თორნტონთან ერთად და განიხილავდნენ საქართველოს, ქალბატონი თორნტონი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ეძახის სექსუალურ მოძალადეს. ასე რომ, ბატონი უილსონი ჩამოყალიბდეს – ან ის არის ტრამპის მეგობარი, ან არის ლორა თორნტონის და მაკკეინის ინსტიტუტის მეგობარი, რომელიც ტრამპს ეძახის სექსუალურ მოძალადეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.