„ახლა ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ადამიანები გაცივდნენ, მოიმატა სიყალბემ, თითქოს ბედნიერების შეგრძნებაც დაიკარგა“ – თინათინ ლომთაძე, საბავშვო ზღაპრები და იღბლიანი თინა ბებო

დაიბადა რუსთავში. ბავშვობიდან გამოირჩეოდა შემოქმედებითი ნიჭით, უყვარდა ხატვა, დადიოდა ცეკვაზე, ცურვაზე, მუსიკაზე…
დაამთავრა რუსთავის ქართული გიმნაზია, შემდეგ – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯი, ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი.
2018 წლიდან მისი ზღაპრები და ლექსები იბეჭდება საბავშვო ჟურნალებში: ,,საბავშვო კარუსელი“ და „დილა“. – თინათინ ლომთაძის პერსონა.

– რუსთავში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართული გიმნაზია დავამთავრე და იქ  ვიცხოვრე 21 წლამდე. გავიზარდე პატარა და თბილ ოჯახში: დედა პროვიზორ-ტექნოლოგია, მამა – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აკადემიის ინსტრუქტორი.
მყავს პროფესიით ავიატორი უმცროსი ძმა. ჩემი მშობლები  სამაგალითო და საამაყო ადამიანები არიან. გამიმართლა, რომ მათი შვილობა მერგო წილად. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან.
დედა მზრუნველი და საიმედო ქალია, რომელიც შვილების თვალით უყურებს სამყაროს. მამა – განათლებული, პატიოსანი და ღირსეული კაცი. ჩემს ოჯახში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწავლა – განათლებას, ალბათ ამის დამსახურებაა, რომ სკოლაშიც ფრიადოსანი ვიყავი და უნივერსიტეტიც წარმატებით დავამთავრე.
ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება, 90-იანი წლების სიდუხჭირის მიუხედავად, მრავალი ტკბილი მოგონება და ბედნიერი წუთები დავაგროვე, რაც დღემდე მომყვება… ბავშვობაში მიყვარდა ხატვა, ვქმნიდი კაბების დიზაინს, დავდიოდი ცეკვაზე, ცურვაზე, მუსიკაზე. ბევრი რამ აინტერესებდა… ყველაზე მეტი სასიამოვნო მოგონება ბებოს გარშემო ტრიალებს… მისი სახლი, სამეზობლო… ბებია  ბაღის პედაგოგი იყო და ძალიან უყვარდა ბავშვები…. ამიტომ მის გვერდით თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი… ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ვატარებდი რაჭის ულამაზეს სოფელში – ძირაგეულში, ხის ძველ სახლში და ეს იყო ნამდვილი ზღაპრული თავგადასავალი…
– პირველი ნაწარმოები…
– ბავშვობაში მიყვარდა გარითმვა და თავისუფალი თემები. მოგვიანებით, ჩემი შვილებისთვის ვიგონებდი ისტორიებს ძილის წინ მოსაყოლად, თუმცა წერა დავიწყე 2018 წლიდან.კერძოდ, ვმონაწილეობდი სახალისო კონკურსში – „ჩემი გამოგონილი ზღაპარი“, რომელიც ჩატარდა დედის დღესთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“, ძალიან კარგ გვერდზე,  დავწერე ზღაპარი: „ლილიას ამბავი“ და გავხდი ერთ-ერთი გამარჯვებული. მასალა გამოქვეყნდა mshoblebi.ge-ს ვებგვერდზე, შემდეგ – საბავშვო ჟურნალში „საბავშვო კარუსელი“. ეს იყო პირველი ნაბიჯი და სტიმული,  რომ კიდევ დამეწერა რამე…
– შემოქმედებითი ნიჭი გქონდათ და მედიცინას გაჰყევით… რატომ ფარმაცია?
– დაახლოებით მეხუთე კლასიდან დავიწყე ფიქრი, რომ ჩემი მომავალი პროფესია აუცილებლად მედიცინას დაუკავშირდებოდა. ძალიან მიყვარდა ბიოლოგია და ქიმია. რაც შეეხება ფარმაციას, ფაქტობრივად აფთიაქში, ქათქათა თეთრი ხალათების გარემოცვაში გავიზარდე. დედას იქ ხშირად მივყავდი სკოლიდან. ვაკვირდებოდი მოფუსფუსე ფარმაცევტებს: როგორ გადადიოდა რეცეპტები ხელიდან ხელში, როგორ ირეოდა სხვადასხვა ნივთიერება ერთმანეთში ლათინური სიტყვების ფონზე და მზადდებოდა წამალი. ეს ნამდვილი ჯადოსნობა იყო ჩემს თვალში… მინდოდა მეც ვყოფილიყავი ერთ-ერთი მათგანი და შემექმნა მაკურნებელი ფხვნილები და სითხეები… ის სასიამოვნო სურნელი, რაც იდგა აფთიაქის დარბაზში, ახლაც მახსოვს და შემდეგ დედას  მოჰყვებოდა სახლში…
– 90-იანების თაობის წარმომადგენელი  ერთგან წერთ, რომ გამოყინულ ქალაქს ადამიანების სიყვარული ათბობდა…   რაზე გწყდებათ გული?
– 90-იანებში არ იყო შუქი, წყალი, გაზი… მაგრამ იყო მეტი ადამიანური ურთიერთობები, მეტი დრო ერთმანეთისთვის, მეტი სიყვარული, ღია კარი და ნამდვილი ემოციები და  ზუსტად  ეს ათბობდა და ანათებდა ჩაბნელებულ თბილისს. ახლა ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ადამიანები თითქოს გაცივდნენ, ჩაიკეტნენ თავიანთ ნაჭუჭში, მოიმატა სიყალბემ, სევდამ, თითქოს ბედნიერების შეგრძნებაც დაიკარგა, დრო აღარ გვაქვს ერთმანეთისთვის, არ ვუსმენთ ერთმანეთს, არ ვყვებით ჩვენს ნამდვილ ამბებს … ამაზე მწყდება გული.
–  ლექსები და ზღაპრები…  რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– უპირატესობას ვანიჭებ ზღაპრებს, მათში უფრო მეტად შემიძლია ჩემი ფანტაზიის და წარმოსახვის გადმოცემა. მიყვარს ზღაპრების კითხვა და მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში. იქ, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყოველგვარი ბოროტება მარცხდება.
– საბავშვო ჟურნალებში ხშირად ქვეყნდება თქვენი შემოქმედება. რომელ ნაწარმოებს გამოარჩევდით საინტერესო ისტორიით?
– საინტერესო ისტორიით გამოირჩევა ზღაპარი „ვარსკვლავების ძიძა ლელე“, რომელიც დაიბეჭდა „საბავშვო კარუსელში“. სრულიად შემთხვევით გავიცანი ბაზრობაზე გამყიდველი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა საოცარი, გამორჩეული თვალები. ლელე მისი ნამდვილი სახელია, თვალებში უამრავი ვარსკვლავი უბრწყინავდა. წარმოვიდგინე, რომ ის იქნებოდა შესანიშნავი ზღაპრის გმირი და ასე  დაიწერა ეს ამბავი.
– გაიმარჯვეთ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში. შემდეგ დაწერეთ:  „ამ გამარჯვებას ვუძღვნი თინა ბებოს, ვისზეც დაიწერა ეს მოთხრობა და გახდა იღბლიანი“…
– პირველ ყოვლისა,  უნდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება ძალიან დიდი მოვლენა და წარმატება იყო ჩემთვის. მოთხრობა დავწერე, მაგრამ დიდხანს ვფიქრობდი, გამეგზავნა თუ არა კონკურსზე. მიხარია, რომ საბოლოოდ გადავდგი ეს ნაბიჯი და მართლაც იღბლიანი აღმოჩნდა.
თინა ბებოზე ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს, მუდმივად ვწერ პატარა ჩანახატებს მასზე. ამ კონკურსისთვის გავაერთიანე ზოგიერთი მათგანი, შევავსე და ეს ისტორიები აიკინძა ერთ მოთხრობად. ბედნიერი ვარ, რომ  მთელ ქვეყანას ვუამბე მასზე …
– შთაგონება?
– ჩემი ზღაპრების შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ბუნება, ბავშვობა, ადამიანები, სხვადასხვა მოვლენა, ნახატი, მელოდია… პირველი წინადადების შემდეგ, სიტყვები თითქოს თავისით მოდიან და ზღაპარიც ასე იწერება…
 საბავშვო მწერალი უნდა იყოს….
– დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საბავშვო მწერალი, ბავშვები მგრძნობიარენი არიან და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. საბავშვო მწერალმა ისე უნდა დაწეროს, რომ მათი ფაქიზი ფსიქიკა არ დაზარალდეს, გათვალოს ყოველი სიტყვა, მოარგოს ბავშვურ ბუნებას, გამოიყენოს მათთვის გასაგები ენა. ზოგჯერ თავადაც ბავშვი უნდა გახდეს …
– ოცნება, რომელიც ვერ აისრულეთ…
– ოცნება, რომელიც ვერ ავიხდინე, არის თეთრი ხალათი… მაგრამ ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი წინ არის და სანამ ცოცხალი ხარ, ყველა საწადელს შეიძლება მიაღწიო ადამიანმა…
– ოჯახი და სამი შვილი გყავთ…
– ჩემი ოჯახი ჩემი ძალაა, ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი იმედი, ყოველი გათენებული დღე მათ ეძღვნება…მყავს შესანიშნავი მეუღლე, რომელიც გვერდში მიდგას ყოველთვის და ყველაფერში და სამი არაჩვეულებრივი გოგო: უმცროსი სკოლის მოსწავლეა, შუათანა არქიტექტურის სტუდენტია, უფროსმა დაამთავრა უნივერსიტეტი და დასაქმებულია ბიზნესის სფეროში, ის დაჯილდოებულია შემოქმედებითი ნიჭით და რამდენიმე  კონკურსის გამარჯვებულია. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ოჯახით…
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვწერ საბავშვო ჟურნალებისთვის: „საბავშვო კარუსელი“ და „დილა“, ასევე ჩანახატებს პირადი გვერდისთვის…
– სამომავლო გეგმები…
–  არ მიყვარს წინასწარ დაგეგმვა და თუ მაინც დავგეგმე, ამაზე ხმამაღლა საუბარი. თუმცა ძალიან მინდა, ერთ მშვენიერ დღეს,  ჩემი ზღაპრები წიგნად ვიხილო…

 

                                                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები