შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის იმაში, რომ ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან, გარეთ არიან ძალები, რომლებსაც პირდაპირ მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტები „ენჯეოების“ სახით
პრობლემა არის იმაში, რომ დღეს ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან, გარედან იღებენ დღის წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არიან გარე ძალები, რომლებსაც მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტები „ენჯეოების“ სახით.
„მათ უნდათ საზოგადოების დახლეჩა, ისტერიის შემოტანა. ის პროცესი, რაც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მათ ორის, ეს დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდში, ეს პროცესი გამოდგა საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, თუ რა პრობლემაა სინამდვილეში ოპოზიციურ მხარეს. თუ დავაკვირდებით გუშინდელ და დღევანდელ მათ ისტერიას კონგრესის მიერ მიღებულ ერთ-ერთ აქტზე, მთლიანად დღის წესრიგი აწყობილია გარედან მომდინარე დღის წესრიგის პუნქტებზე. მეორეს მხრივ, გარეთ არიან ძალები, რომლებსაც პირდაპირ მარიონეტებად ჰყავთ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტები „ენჯეოების“ სახით. ეს არის მთავარი დიაგნოზი ოპოზიციის და „ენჯეო“ აქტივისტების, რომ არიან სრულად აწყობილი უცხო ძალების, ჯგუფების დღის წესრიგზე. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ.
ისეთი სინქრონული თავდასხმაა საქართველოს მიმართ, ვხედავთ, რომ ერთმანეთს ენაცვლებიან. ხან ერთი ჯგუფი გარედან, ხან მეორე პოლიტიკოსი, ხან განცხადებაა, ხან რეზოლუცია იმისთვის, რომ ყოველდღიური საკვები და მითითება მისცენ ოპოზიციას. პრობლემა სინამდვილეში ეს არის, რაც აქვს ოპოზიციას. პრობლემა არის იმაში, რომ დღეს ოპოზიციური ფლანგი სრულად იმართება გარედან, გარედან იღებენ დღის წესრიგს. ყველაფერი არის გარედან მოწოდებული თემა, დღის წესრიგი, პუნქტები, თავდასხმები, რომლებსაც შემდეგ ესენი აიტაცებენ და არის ერთი ჟივილ-ხივილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.