სამართალდამცავებმა შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტები გამოავლინეს

სამართალდამცავებმა შიდა ქართლის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების, ტრანსპორტირების და რეალიზაციისთვის მზადების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ასევე, სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტები გამოავლინეს. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, 1983 წელს დაბადებული კ.ც. ამხილეს და მისი ავტომობილიდან 1.5 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა ამოიღეს, რომელიც მას ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. ფაქტზე გამოძიება სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობაზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ლ.ქ. ამხილეს და მისი კუთვნილი „ფორდ ტრანზიტიდან“ 3 მ3 საშეშე მერქანი ამოიღეს, რომელიც მას გორის რაიონის სოფელ ღვარებიდან ხიდისთავის მიმართულებით უსაბუთოდ გადაჰქონდა. გამოძიება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით). ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს, რომელსაც გორში 22 მ3 წიწვოვანი ხის დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლი). ამასთან, პოლიციამ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე 4 პირი ამხილა. კერძოდ, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან, 1978 წელს დაბადებული ბ.ფ. ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტზე ამხილეს. მას ბორჯომიდან თბილისისკენ „ფორდ ტრანზიტით“ 1,2 მ3 წიწვოვანი ხის უსაბუთო დახერხილი ფიცარი გადაჰქონდა. ამავე ბრალდებით, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეოთხე (ხიდისთავის) განყოფილების თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ზ.ყ. ამხილეს. მხილებულს გორის რაიონის სოფელ ბნავისიდან ხიდისთავის მიმართულებით, უსაბუთოდ, 2,8 მ3 ვერხვისა და რცხილის ჯიშის საშეშე მერქანი გადაჰქონდა. ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა ასევე ხიდისთავში, სადაც სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული გ.ვ. 2 მ3 საშეშე მერქნის უსაბუთოდ გადატანის ფაქტზე ამხილეს და ხაშურში, სადაც პოლიციამ 1992 წელს დაბადებული გ.ა. ამხილა, რომელსაც ავტომანქანა „ნივით“ 1მ3. წიწვოვანი ხის მასალა გადაჰქონდა. ოთხივე შემთხვევაზე, მხილებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მეორე პრიმა მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით დაჯარიმდნენ (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა)“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები