ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროაქტივი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქმე ეხება ევროკავშირის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას. სამართალდამცველები ასევე იმყოფებოდნენ ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში. ჩხრეკა ჩატარდა კერძო სახლებშიც.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ამოიღო დოკუმენტები და დააკავა სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში, კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტში.
თვითმხილეველების თქმით, სამართალდამცველები ევროკავშირის საგარეო უწყებაში დღეს, გამთენიისას მივიდნენ.
„ევროაქტივის“ ცნობით, საქმე ეხება 2021-2022 წლებში ევროკავშირის ფინანსების არასათანადო ხარჯვას. კერძოდ, გამოძიება დაინტერესებულია კოლეჯის მიერ ბრიუგეში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების შენობის შესყიდვით, რომელშიც ამჟამად განთავსებულია ევროკავშირის დიპლომატების აკადემია.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპის კოლეჯის რექტორი და ევროკავშირის დიპლომატების აკადემიის ხელმძღვანელიც ამჟამად არის ევროკავშირი საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი. მოგერინი თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა.