საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე და მოადგილეები ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, გიგა ძნელაძე და ამირან გულუაშვილი ესწრებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.
გენერალურმა პროკურორმა მოადგილეებთან ერთად კახეთის საოლქო პროკურატურის ახლად რეაბილიტირებული შენობა და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო დაათვალიერა. გაეცნო სამუშაო პირობებს და აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებულია პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მათ საქმიანობას.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.