არჩილ თალაკვაძე: საგადასახადო შემოსავლები შარშანდელთან შედარებით, 615 მილიონი ლარით გაიზარდა

„2017 წლის 7 თვის განმავლობაში, საგადასახადო შემოსავლები 615 მილიონი ლარით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც საგადასახადო შემოსავლების 12.4 %-იან ზრდას ნიშნავს“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს რომან გოცირიძეს.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრა და შედეგები შეაფასა.
„საგადასახადო რეფორმის შემდეგ ბიზნესსექტორს რეინვესტირებისა და განვითარებისთვის 2017 წელს უკვე დარჩა 240 მილიონი ლარით მეტი. 2017 წელს გაზრდილია ექსპორტი 28.9%-ით და 2017 წლის 7 თვეში 11 %-ით არის გაზრდილი ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაც. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ამ მომენტისთვის შეადგინა 4.4 %-იანი ზრდა, რაც მოგეხსენებათ ბატონო რომან, რომ 1 %-ით მეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლებზე. რაც შეეხება კერძო სექტორს, კერძო სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 18 %-ით არის გაზრდილი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 5 %-ით არის გაზრდილი. საქართველოს 30, 2 %-ით მეტი ტურისტი ჰყავს 2017 წელს, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც გავამახვილებ ყურადღებას – 2017 წლის პირველ კვარტალში 403 მილიონი დოლარი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4 %-ით მეტია. ასევე 60 %-ით არის გაზრდილი საქართველოდან ღვინის ექსპორტი, 44 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი, განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ჩინეთში, საფრანგეთსა და ისრაელში. ასე რომ, მინისტრებს თუ დავიბარებთ ბატონებო, პირველ რიგში, მხოლოდ კომპლიმენტების სათქმელად“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო უსაფრთხოების რეფორმის შედეგებზეც.
„რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ და დამტკიცებულ რეფორმას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, ამას ოპოზიციამაც დაუჭირა საგაზაფხულო სესიაზე მხარი. მინდა, გაგაცნოთ უახლესი მონაცემები: 2017 წლის 8 თვის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 421 შემთხვევით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 10,7 %-იან კლებას წარმოადგენს. შედეგად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გვყავს 733 დაშავებულით ნაკლები, ანუ მინუს 12,9 % -ია. 44-ით შემცირდა ავარიების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელი. იმ საკანონმდებლო რეფორმამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა და ჩვენ დავამტკიცეთ, შეიძლება ითქვას, რომ 44 ადამიანი უკვე გადაარჩინა და 733 ადამიანი გადაარჩინა დაშავებასა და ტრვმებს. ასევე, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა, დარიალის გვირაბის მშენებლობა – ეს პროექტები ან ოქტომბერში იწყება ან უკვე დაწყებულია ზოგიერთი მათგანი. სატენდერო პროცედურები სამ მსხვილ პროექტზე მიმდინარეობს, ასე რომ, ჩვენ ვმოძრაობთ სწორი მიმართულებით, ეკონომიკა ფუნქციონირებს და განვითარების პროცესი სახეზეა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები