ზაზა გაბუნია: ოპოზიცია მზად არის, თქვას ათასი სისულელე, რათა თავიდან აიცილოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა

„ოპოზიცია მზად არის, თქვას ათასი სისულელე, რათა თავიდან აიცილოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დიალოგის ვერგაგრძელების და კონსენსუსის არარსებობისთვის ეკისრებათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას გამოცხადებული აქვს ომი კონსტიტუციის წინააღმდეგ, გავა წლები და არავის ემახსოვრება, რომელი ოპოზიციური პარტია გაჯიუტდა. ამასთან გაბუნია განმარტავს, რომ ყველა თაობას შეეძლება, ნახოს კონსტიტუციის ტექსტი, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ. „სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციის მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმებისკენ, კონსენსუსისკენ სწრაფვა. ასე რომ ყოფილიყო, ის ზოგიერთი პარტია, რომელთაც 2010 წელს კონსტიტუციის სრულიად უვარგის ტექსტს დაუჭირეს მხარი, არ გაუჭირდებოდათ ამ კარგი, გამართული, კონსტიტუციური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული ტექსტის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, პარლამენტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიციის ამოცანა გამოცხადებული და გაცხადებული იყო, რომ არ ყოფილიყო კონსენსუსი, არ ყოფილიყო შეთანხმება. ჩვენ რამდენიმე თვის მანძილზე ველოდით ოპოზიციისგან განესაზღვრათ და გამოეგზავნათ საკითხები, რომელიც მათი აზრით იყო მნიშვნელოვანი დიალოგისთვის, კონსენსუსისთვის, შეთანხმებისთვის, მაგრამ საბოლოოდ ოპოზიციამ გამოგვიგზავნა ოთხი ულტიმატუმი და ოთხივე უკავშირდებოდა იმას, თუ მათი პარტიებიდან, რამდენი ადამიანი და როგორ მოხვდებოდა შემდეგ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად არასერიოზული და არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ გაგრძელებულიყო დისკუსია და დიალოგი. ამის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ხელისუფლების როლი კონსენსუსის არარსებობაში არის ნულოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ გააგრძელა დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ კომისიაში დაიწყეთ თქვენ და რომლის მიზანი ყველამ ერთად ვნახეთ, ეს იყო კარის გაჯახუნების პრინციპით კომისიის დატოვების სურვილი“, – განაცახდა გაბუნიამ. ამასთან, დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს კონსტიტუციის ტექსტს.

„ამიტომ საკუთარი გაჯიუტებით, ცდილობთ შექმნათ კრიტიკის მიზეზი, იმისთვის, რომ კონსენსუსი არ შეიქმნას. აქვე მე მოვიყვან ძალიან ცხად მაგალითს, როდესაც ვლაპარაკობ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე, რომ არასდროს გსურდათ კონსენსუსი, არასდროს გსურდათ დიალოგი, არასდროს გსურდათ შეთანხმება. დღეს თქვენ ამბობთ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც მხარს თქვენ არ უჭერთ კონსტიტუციას არის ის, რომ 2020 წელს ჩვენ არ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. მე შევახსენებ საზოგადოებას – საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასასრულს, პროექტში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეწერა, რომ ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. არც 2020 და არც 2024 წელი პროექტში არ ეწერა, არამედ ეწერა, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ამის მიუხედავად თქვენ მაინც გამოუცხადეთ ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, დატოვეთ კომისია, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყველა ვარიანტში გეგმავდით დესტრუქციის გზით სიარულს, კონსენსუსის ჩაშლას, მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების შესაძლებლობების ჩაშლას“, – დასძინა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები