ირაკლი კობახიძე: იგეგმება ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განცხადება დღეს, საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის სახურავი, შუშის კონსტრუქცია, ასევე, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

“მოსაწესრიგებელია პარლამენტის შენობა, ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. პირველ რიგში, საჭიროებს გადახურვას, ასევე არის პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ გადახურვა ატარებს წყალს, შესაბამისად, რეაბილიტაცია არის ჩასატარებელი პოლიმერის საფარით. ასევე მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. შუშის კონსტრუქცია ატარებს წყალს და  არსებული კონსტრუქციის პირობებში ვერ ვარეგულირებთ ტემპერატურას. ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის  მიმდინარე ტერიტორია. მათ შორის, მოსაწყობია ავტოსადგომი და შესასვლელის მოპირკეთება. შეგვიძლია ამ ტერიტორიის გამწვანება და  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ხაზინადართა საბჭოს ვთხოვო, რომ სათანადოდ შეისწავლოს ფინანსურად ეს საკითხი და შესაბამისად დავიწყოთ მუშაობა ამ ყველაფერზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები