დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გაერთიანებულ პროფკავშირებს მიმართავს და მათგან ორი დღის ვადაში ყრილობის ოქმებისა და დელეგატთა რაოდენობის წარდგენას ითხოვს. როგორც ოქიტაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ეს დელეგატები მონაწილეობენ კენჭისყრაში. საუბარია გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. ოქიტაშვილის თქმით, მას დელეგატებთან შეხვედრა და მათთვის საკუთარი საარჩევნო პროგრამის გაცნობა სურს.
”21-ვე დარგობრივი კომიტეტი მთავარ ყრილობამდე ატარებს ყრილობას და ირჩევენ დელეგატებს, რომლებიც არჩევნებში, ხმის მიცემაში მიიღებენ მონაწილეობას. რამდენჯერმე მივმართე პროფკავშირებს, დელეგატთა სიისა და დარგობრივი პროფკავშირების ყრილობების ოქმების შესახებ, თუმცა ამ დრომდე არ გადმოუციათ დოკუმენტები. მე მინდა დელეგატებთან შეხვედრა და ვაპირებ, გავაცნო საკუთარი პროგრამა”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.