საქართველოს მთავრობა ქუთაისის აეროპორტის გასაფართოებლად მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს

საქართველოს მთავრობა ქუთაისის აეროპორტის გასაფართოებლად მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი ისარგებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფილი იქნება კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობით.

”მასშტაბური პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმერეთისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტები და სივრცითი მოწყობის გეგმა იმერეთს აძლევს განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებს, ვინაიდან იმერეთი ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ეს მისი უდიდესი პოტენციალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად. სწორედ აქ გაივლის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის რეგიონებს შორის მიმოსვლა გაცილებით მარტივი გახდება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო მეტად აისახება ეკონომიკაზე. შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი ისარგებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფილი იქნება კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობით. ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ლოჯისტიკური მიმართულების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ერთ-ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრის აშენება, სწორედ ქუთაისის აეროპორტის მახლობლად, რაც გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკურ პოტენციალს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

”მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ქუთაისს შესძენს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. იმერეთს ექნება გაცილებით დიდი შესაძლებლობები ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, რაც პირდაპირ აისახება ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ტრადიციული დარგები, ადგილობრივი წარმოება და ამაში ჩვენი მხარდაჭერის იმედი მინდა, რომ ყოველთვის გქონდეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, განახლდეს ძველი საწარმოები და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები