თბილისში, ტაქსის დაყაჩაღების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტაქსის დაყაჩაღების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, აღმკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტზე, ბრალდებულების მ.მ.–სა და შ. ჭ.–ს მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა,შეუფარდა. მათ ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 29 აგვისტოს, ბრალდებულებმა, თითქოსდა ქალაქგარეთ გასვლის მიზნით, შეაჩერეს ტაქსი და ავტომობილში ჩასხდომის შემდგომ, მძღოლს, დანის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ფულადი თანხა და კუთვნილი ავტომანქანა მოსთხოვეს.
სასამართლომ წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.
“მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 16 ოქტომბერს 13:30 საათზე გაიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.