თბილისში დაახლოებით 300-მდე „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზება

 თბილისში, წლის ბოლომდე, ე.წ. ცივი პლასტის მეთოდით, დაახლოებით 300-მდე „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, „ცივი პლასტის“ მეთოდით ქვეითთა გადასასვლელების დახაზვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელიტ ტექნოლოგი“ განახორციელებს. ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე დაიხაზა „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან არსებულ სატრანსპორტო კვანძთან ერთ-ერთი გადასასვლელი, ბელიაშვილის ქუჩაზე, „გალფის“ ავტოგასამართ სადგურთან, ცაბაძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირის კვეთასთან და მარჯანიშვილის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარედ არსებული გადასასვლელები.

თბილისის მერიის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში გადასასვლელების დახაზვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, აქცენტი კეთდება უფრო საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე, სასაწავლო დაწესებულებებზე. ამ მიზნით მომავალი კვირის ბოლომდე, 6 ახალი „ზებრა“ გადასასვლელი გაკეთდება საბავშვო ბაღებთან. კერძოდ: მიქელაძის ქუჩაზე, 23-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; აბაშიძის ქუჩაზე, 137-ე ბაღის მიმდებარედ; ჩიტაიას ქუჩაზე, 69-ე საბავშვო ბაღთან; გუდამაყრის ქუჩაზე მე-9 საბავშვო ბაღთან; მაჭავარიანის ქუჩაზე, 33-ე საბავშვო ბაღთან და 83-ე საბავშვო ბაღთან (უსახელო ქუჩაზე).

„ცივი პლასტის“ მეთოდით გადასასვლელების დახაზვა 3-წლიანი გარანტიით ხორციელდება. ეს არის მდგრადი საღებავი. ამავე დროს, გადასასვლელები შუშის ბურთულებიანი ფენით დაიფარება, რაც ღამისა და საღამოს საათებში ხელოვნურ განათებაზე, დამატებით ხილვადობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ზებრა“ გადასასვლელების ნაწილი ორ ფერში დაიხაზება – წითელსა და თეთრში და ნაწილი მხოლოდ თეთრ ფერში.

წლის ბოლომდე, „ცივი პლასტით“ დაახლოებით 300-მდე ზებრა გადასასვლელი დაიხაზება. ამ მეთოდის დასანერგად უცხოელი სპეციალისტები გვყავდა ჩამოყვანილი“, – აცხადებენ ტრანსპორტის სამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები