„ნასა“: უდიდესმა ასტეროიდმა დედამიწას ჩაუარა – რა კავშირი აქვს ბრიტანელ მედდა ფლორენს ნაიტინგეილს ციურ სხეულთან
„ნასა“ უდიდეს ასტეროიდ „ფლორენსის“ შესახებ იუწყება. ორგანიზაციის ცნობით, ციურმა სხეულმა დედამიწას 1 სექტემბერს, 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუარა. „ნასას“ ინფორმაციით, მინიმუმ 2500 წლამდე დედამიწას ახალი საფრთხე არ ემუქრება.
წყაროს თქმით, ციური სხეულის დიამეტრი 4.4 კმ.-ია. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ ზომის ასტეროიდმა დედამიწასთან ახლოს ჩაიარა.
უკანასკნელად ფლორენსმა დედამიწას 1890 წელს ჩაუარა. მეცნიერები ამბობენ, რომ ციური სხეულის ხილვა დაინტერესებულ პირებს მცირე ზომის ტელესკოპითაც შეუძლიათ. ის თევზის, თხის რქის, მერწყულის და დელფინების თანავარსკვლავედშია.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასტეროიდების შესწავლა მათ მზის სისტემის წარმომავლობისა და მზის სისტემის პლანეტების შესწავლაში დაეხმარებათ.
ასტეროიდი „ფლორენსი“ ამერიკელმა ასტრონომმა შელტე ბასმა ავსტრალიის ობსერვატორია „საიდინგ-სპრინგში“ 1981 წლის 2 მარტს აღმოაჩინა. მას სახელწოდება ბრიტანელი მედდის და სოციალური მუშაკის ფლორენს ნაიტინგეილის საპატივცემულოდ უწოდეს.
მედდა ეროვნულ გმირად 1820 წლის ყირიმის ომის მოვლენების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის შერაცხეს. ყირიმში საომარი მოქმედებების დროს ფლორენს ნაიტინგეილის ძალისხმევით, სანიტარული მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და დაჭრილების სიკვდილიანობა 2/3-ით შემცირდა. ფლორენსი პირადად ზედამხედველობდა თითოეული პაციენტის მოვლის პროცესს, მთელი ღამე ლამფით ხელში დადიოდა პალატიდან პალატაში, სწორედ აქედან წარმოიშვა მისი მეტსახელი – ქალი ლამფით.