დავით ზურაბიშვილი – ვიღაც „პირომანების სექტა“ თუ ჩალიჩობს რამეს, მაგი აღარ ვიცი

„რამდენი ხანძარიც არ უნდა გაჩნდეს, ხელისუფლება ამით არ დაემხობა, „ნაცები“ არ გადაშენდებიან, რუსეთს არ შევუერთდებით და ვიღაც „პირომანების სექტა“ თუ ჩალიჩობს რამეს, მაგი აღარ ვიცი“, – ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის გახშირებულ ფაქტებს.
დავით ზურაბიშვილს საკუთარი მოსაზრება აქვს და ბოლო დროს ხანძრის გახშირებულ ფაქტებს დივერსიას უკავშირებს.
„ერთი არაპოპულარული აზრი უნდა გამოვთქვა. ვერანაირად ვერ ვხვდები, რატომ ეჩვენებათ ადამიანებს უფრო ლოგიკურად ის, რომ ამდენი ხანძარი არის ერთი დივერსიული ჯგუფის მიერ მოწყობილი (ანუ ვიღაც ტიპები დადიან და შეგნებულად უკიდებენ ცეცხლს ხან სად და ხან – სად), ვიდრე ის, რომ ამდენი ხანძრის კერა ჩნდება, ალაგ სახანძრო უსაფრთხოების ზომების დაცვის უგულებელყოფის, ალაგ რომელიმე ტურისტის ან გლეხის დაუდევრობის, ალაგ შემთხვევითობის და ალაგ გვალვის გამო?
პირადად, მე, ყველაზე უაზრო სწორედ დივერსიის ვერსია მგონია, გინდ მიშას ბრალდებოდეს ეს, გინდ ბიძინას, გინდ ვოვას და გინდ სოროსელ მასონებს. უაზრო იმიტომ, რომ ყველანაირ დივერსიას აქვს კონკრეტული მიზანი და რა მიზანი შეძლება ჰქონდეს ამ ცეცხლით თამაშს? თუ ვინმეს ხელისუფლების უუნარობის ჩვენება უნდა, ამის გამო ამხელა რისკზე წასვლა (ხომ შეიძლება, ერთხელაც გამოგიჭირონ?) უაზრობაა.
თან ბოლო-ბოლო ხომ აქრობენ მაინც? რამე იმხელა ზარალზეც არაა ლაპარაკი, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დაინგრეს.
თავიდანვე „ნაცებისთვის“ დაბრალება რომ ყოფილიყო მიზანი, გაცილებით ადრე დააბრალებდნენ და საქმეც იქნებოდა აღძრული.
მოკლედ, დივერსიის მიზანი რა უნდა იყოს, გარდა ჩვენი ნერვების მოშლისა, სრულიად გაუგებარია. ნერვების მოშლა რომ ასეთი მასშტაბური დივერსიის მიზანი ვერ იქნება, ისიც ცხადია და, აბა, სხვა რა? რამდენი ხანძარიც არ უნდა გაჩნდეს, ხელისუფლება ამით არ დაემხობა, „ნაცები“ არ გადაშენდებიან, რუსეთს არ შევუერთდებით და ვიღაც „პირომანების სექტა“ თუ ჩალიჩობს რამეს, მაგი აღარ ვიცი“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები