მიხეილ ჯანელიძე: ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, ჩვენს ქვეყანას ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მინისტრმა გასული სამი წლის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხითა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას გულისხმობს.
ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა რეფორმები, რომელიც ქვეყნის სექტორალური პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე შესაბამისი ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.
ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მინისტრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაასახელა.
„2014 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ აღნიშნულმა შეთანხმებამ ევროკავშირთან ვაჭრობას მაქსიმალურად შეუწყო ხელი. ჩვენი ექსპორტი იზრდება არა მხოლოდ მოცულობაში, არამედ იზრდება პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც გადის ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირიდან ინვესტიციების მოცულობის ზრდა და საქართველოს მჭიდრო კავშირი ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებიდან, მათ შორის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს და ფინანსურ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაწევრიანდა სხვადასხვა ევროპულ პროგრამებში, როგორიცაა „HORIZON 2020″, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციის განვითარებას, სამეცნიერო კვლევებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერებას საქართველოში. ასევე „ERASMUS+”, რომელიც ხელს უწყობს განათლების სისტემის განვითარებას, ევროპული სტანდარტების დანერგვას განათლების სისტემაში, ასევე გაცვლით პროგრამებს როგორც მეცნიერ-მუშაკებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. საქართველო ყველაზე ეფექტურად იყენებს ამ პროგრამას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა საანგარიშო პერიოდში საქართვლოს დაახლოება და ინტეგრაცია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: “Europol”, “Eurojust” და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, ჩვენს ქვეყანას ხდის ევროპულ სახელმწიფოდ და გვაახლოებს იმ საბოლოო მიზანთან, რაც არის ევროპულ ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი იყო ვიზალიბერალიზაცია, რომლითაც წარმატებით სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა, რაც ხელს უწყობს უფრო მეტ ხალხთაშორის კონტაქტებს, კულტურულ კავშირებს”, – აღნიშნა მინისტრმა.