გიორგი აბაშიშვილი: მმართველ გუნდს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კონსტიტუციის მიღების პროცესი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მმართველ პოლიტიკურ გუნდს მოუწოდებს, რომ საქართველოს პარლამენტში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კონსტიტუციის მიღების პროცესი. ამასთან, გიორგი აბაშიშვილი მმართველ გუნდს ურჩევს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს და განეწყოს კონსენსუსისთვის.
”ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ვამბობდით, რომ კონსტიტუციის მიღება კონსენსუსის გარეშე იყო შეუძლებელი, წარმოუდგენელი და ასეთი ტიპის კონსტიტუციას ექნებოდა ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროცესი საქართველოს პარლამენტში. ვგულისხმობთ კონსტიტუციის მიღების პროცესს, განეწყოს კონსენსუსისთვის და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რასაც 9-10 თვის წინ ვამბობდით, რომ ფართო კონსენსუსის გარეშე საქართველოს კონსტიტუციას ექნება სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა”, – განაცხადა აბაშიშვილმა.