გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურები დაიხვეწება
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით მოთხოვნა იზრდება, რის გამოც არსებული პროცედურა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, – შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ახალი შესაძლებლობაა და, ამავდროულად, თითოეული მოქალაქისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
“არსებული სტატისტიკის თანახმად, სულ უფრო მზარდი ხდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით სურთ. პირველ სექტემბრამდე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება საკმაოდ ლიბერალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა, ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება, საჭიროა, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიდგომების სრულყოფა და დახვეწა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. შესაბამისად, აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოლაპარაკებებს ვიწყებ”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.