ადვოკატი: ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის თქმით, ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ვერც ის, რომ მამა გიორგი მამალაძე იყო ამ დანაშაულის აღმსრულებელი.
მისი თქმით, დაცვის მხარის მიზანია, პროცესები, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
„ჩვენი მიზანი და ინტერესია, ეს პროცესი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზით, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ქმედების შემადგენლობის ვერცერთ ელემენტს – ვერც იმას, რომ საფრთხე ემუქრებოდა ვინმეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მით უფრო, შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლეს და ვერც იმას, რომ მამა გიორგი მამალაძე იყო ამ დანაშაულის აღმსრულებელი და საკუთარი ხელითა და გონებით უნდა განეხორციელებინა ის ქმედება, რაც მას ბრალად ედება“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.