გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს სიხარულებიც და გამოწვევებიც, მგონია, რომ ერთიანობით არის მისაღები როგორც გამოწვევა, ასევე სიხარული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონებს – გენო პეტრიაშვილსა და ზურა იაკობაშვილს გამარჯვება მიულოცა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება სპორტის სფეროში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა.
„ამ დღეების განმავლობაში, სპორტის კუთხით, ძალიან ბევრი წარმატება იყო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან გაგვახარეს. სამი ისტორიული გამარჯვება იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ერთდროულად ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს – გენო პეტრიაშვილი და ზურა იაკობაშვილი. კარგად მახსოვს, როდესაც რიოში გენო პეტრიაშვილმა ვერ მიაღწია იმას, რაც მას უნდოდა, ეს პირადად მისთვის რამხელა იმედგაცრუება იყო და მინდა, მას მივულოცო, რომ მან ეს ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა და ყველა გაგვახარა. სხვათა შორის, ძალიან რთული ბრძოლა იყო, თავიდან ბოლომდე ვუყურე. ასევე მინდა, ზურა იაკობაშვილს მივულოცო“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატებები ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს უსურვა.
„ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ვერცხლს დაეუფლა. ზაზაც წინ მიიწევს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ სპორტში, რომელიც საქართველოსთვის მაინც და მაინც ტრადიციული არ არის, ასეთი წარმატებული ადამიანი გვყავს“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ „აკროპოლისის თასის“ მოპოვებასაც გამოეხმაურა.
„ეს კარგი სტარტია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატის წარმატებული დასაწყისია. ასე, რომ ჩვენ გვაქვს სიხარულებიც და გამოწვევებიც, ასეთია ჩვენი ცხოვრება და მგონია, რომ ერთიანობით არის მისაღები როგორც გამოწვევა, ასევე სიხარული“, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები