პრემიერი: ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, უამრავი სპეკულაცია მოვისმინე
ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, უამრავი სპეკულაცია მოვისმინე,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც სტიქიის დაძლევაში მონაწილეობდნენ, მადლობა გადაუხადა.
„მინდა გადავუხადო დიდი მადლობა მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა წაღვერის სტიქიის დაძლევაში. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია.
ერთი რამ გამოჩნდა, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რეგიონული ჩართულობა არის აუცილებელი.
უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა, რაც მოვისმინე. ჩვენთვის არის უპირველესი ქვეყნის ინტერესების დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო დიდი მასშტაბი მისცემოდა, იყო საკმაოდ რეალური.
კარგად მახსოვს ოთხშაბათი საღამო, როდესაც ქარმა პრაქტიკულად იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც გვქონდა სტიქიის დასაწყისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, უბრალოდ, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, სათანადოდ შეაფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები. მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ ყოველთვის ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენს მანდატს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად აღვასრულებთ.
ჩვენ არაფერი თავის სამართლებელი ჩვენს მოსახლეობასთან არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ემოციები ასეთ დროს ყველას აქვს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც უნდა დავძლიოთ ეს ემოციები და კონსოლიდაციით, გაერთიანებით, შევუტიოთ ხოლმე ასეთ გამოწვევებს. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი იყო გაერთიანებული როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.