გიორგი კვირიკაშვილი: სისტემური ცვლილებები დაგვჭირდება, ეს არის ინფრასტრუქტურის განახლება
“მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მომავალი სისტემური ცვლილებები, რომელიც დაგვჭირდება, ეს არის ინფრასტრუქტურის განახლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გლობალური დათბობის პირობებში, ნებისმიერი ქვეყანა მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და კრიზისების საბჭოს განახლებას.
“მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მომავალი სისტემური ცვლილებები, რომელიც დაგვჭირდება, ეს არის ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელ დღეს, გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ, რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ქვეყანა მზად უნდა იყოს ასეთი გამოწვევებისთვის.
ვფიქრობ, შესაბამისი, როგორც ინფრასტრუქტურული – აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან არის აუცილებელი. ამიტომ პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა მოგვიწევს. წელს რაც შესაძლებელი იქნება და ალბათ, უფრო მომავალი წლის ბიუჯეტში, საჭირო იქნება ამ რესურსის გამოყოფა და, ამავე დროს, გასატარებელი იქნება ის სისტემური ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოიყვანს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის მზადყოფნაში ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ეს არის აუცილებელი. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.