რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს ნატო-ს ექსპერტები დაესწრებიან
რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნებს ნატო-ს სამი ექსპერტი დაესწრება. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ნატო-ს სპიკერმა დღეს გააჟღერა.
ნატო-ს სამ ექსპერტს ბელარუსსა და რუსეთში მხოლოდ ე.წ. სტუმართა დღეს დაუშვებენ.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მრავალრიცხოვანი ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას და სრულყოფილი მონიტორინგისთვის მუშაობის პირობების შექმნას ითხოვს.
„აღებული ვალდებულებების და საერთაშორისო დოკუმენტების დაცვა აუცილებელია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სიტუაცია დაძაბულია. მეტი სამხედრო აქტივობაა და მეტი სამხედრო წვრთნები. აუცილებელია, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავიცილოთ ექსცესები, ინციდენტები და გაუგებრობა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამხედრო ბაზები მოინახულა. გასულ კვირას იენს სტოლტენბერგი პოლონეთში იმყოფებოდა. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის ქვეშ მყოფ ბატალიონს.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო-ს ყველა ნაბიჯი თავდაცვით ხასიათს ატარებს და საფრთხის პროპორციულია.
„ეს დასავლეთის მიერ რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე შექმნილი მითია“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, წვრთნებზე მოსკოვი უცხოელ დამკვირვებლებს მიიღებს. ა. ფომინის განცხადებით, წვრთნებში 5 500 რუსი და 7 200 ბელორუსი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
„წვრთნების ორგანიზატორი ქვეყნები შერჩევით მიდგომას მიმართავენ. წვრთნების მიზნებსა და მიმდინარეობაზე გამჭვირვალობის დაცვა აუცილებელია. ამ პრინციპზე უარის თქმა ბევრ კითხვას ბადებს“, – აცხადებს ნატო-ს სპიკერი.
„დასავლეთი – 2017“ 14 სექტემბერს დაიწყება.