სალომე სამადაშვილი ვერ იხსენებს, როდის გადაუხადა “ნაცმოძრაობამ” ხანძრის ჩაქრობის გამო მადლობა რუსეთს
„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრი, სალომე სამადაშვილი ყოფილი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთისადმი მადლობის ოფიციალურ წერილს დღეს ვერ იხსენებს.
2006 წელს, როდესაც მინისტრი გელა ბეჟუაშვილი აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის რუსეთის ხელისუფლებას მადლობას უხდიდა, სალომე სამადაშვილი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.
„არა, ნამდვილად არ მახსოვს 2006 წელს ხელისუფლების რუსეთისადმი მადლობა“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას დეპუტატი სალომე სამადაშვილი. თუმცა, განმარტავს, რომ 2006 წლის „მადლობა“ 20017 წლის რელევანტური ვერ იქნება.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, 2006 წელს რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული.
„2006 წლის მადლობა ვერ იქნება 2017 წლის რელევანტური, იმიტომ რომ დღეს რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია. 2006 წელს რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, 2006 წლის ხელისუფლების ქმედება ვერ იქნება რელევანტური 2017 წლისთვის. 2006 წელს ხელისუფლება არაერთი სამშვიდობო გეგმით მიმართავდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტების მოგვარებისთვის. 2006 წელი იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად ცდილობდა, რუსეთთან გამოენახა საერთო ენა და ჩვენ მიგვეღწია მშვიდობიანი გზით კონფლიქტების დარეგულირებისთვის.
ამჟამად კი, სამარცხვინო ფაქტი იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა და საუბარია კიდევ იმაზე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ დაგვიმალეს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
„კვირა“ შეეცადა, კიდევ რამდენიმე კითხვით მიემართა სალომე სამადაშვილისთვის, მაგრამ პარლამენტარმა დროის დეფიციტი მოიმიზეზა, კითხვები უპასუხოდ დატოვა და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, კერძოდ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღებისთვის რუსეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
ეს იყო 2006 წლის 14 აგვისტოს, როდესაც ცეცხლმა დაახლოებით 500 ჰა ფართობი გაანადგურა. მაშინდელი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობისთვის მადლობას რუსეთის გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანას უხდის.
„კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„2006 წლის 14 აგვისტოს, ადიგენის რაიონში, კურორტ აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა, ლიკვიდირებულია. შესაბამისად, მთლიანად მოიხსნა ცეცხლის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკისა და დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელების საშიშროება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლობას უხდის თურქეთის რესპუბლიკისა და უკრაინის მთავრობებს, ასევე ბრიტანულ კომპანია BP-ს და კატასტროფაზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს, EADRCC-ს, რომლებმაც, სპეციალური თვითმფრინავებითა და სხვა ტექნიკის გამოყენებით, მნიშვნელოვანი ქმედითი დახმარება გაუწიეს საქართველოს ხელისუფლებას ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში.
საქართველო, ასევე, მადლიერია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ავსტრიის მთავრობების, რომლებმაც გამოხატეს დახმარების მზადყოფნა ადიგენის რაიონში სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ნათქვამია მაშინდელ განცხადებაში, რომელიც 2006 წლის 21 აგვისტოს თარიღითაა გავრცელებული.