შს მინისტრი: ჩვენი პილოტები გადარჩნენ, თავიდან ავიცილეთ ძალიან დიდი უბედურება

“საგანგაშო არაფერი ხდება, პირიქით, ჩვენი პილოტები გადარჩნენ და თავიდან ავიცილეთ ძალიან დიდი უბედურება”, – ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“იმდენად, რამდენადაც ვერტმფრენს უკვე სავსე ჰქონდა კალათა წყლით, მან ვერ მოახერხა ხმელეთზე გადასვლა. პილოტები იძულებულნი გახდნენ, წყალზე დაესვათ ვერტმფრენი, თუმცა შემდეგ ვერტმფრენმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და გადაბრუნდა გვერდზე. საგანგაშო არაფერია, პირიქით, თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება. ჩვენი სამივე მფრინავი არის ჯანმრთელი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს ის ბორტია, რომელმაც 600-მდე შემოფრენა გააკეთა გასულ დღეებში. ეს პილოტები გმირები არიან, მათ დღეს კიდევ დაამტკიცეს თავისი გმირობა იმით, რომ არ დაიბნენ და ასეთი უბედურება აგვაცილეს თავიდან”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრის თქმით, შემოწმებას ყველა ვერტმფრენი ყოველდღიურად გადის.
“ყველა ვერტმფრენს ყოველდღიურად უტარდება რეგლამენტი. ორი დღის წინ, სწორედ ამ ვერტმფრენმა, ამ ბორტმა გაიარა რეგლამენტი. საღამოს გაფრინდა თბილისში, გაიარა შემოწმება და დილით დაგვიბრუნდა ისევ. ამ ვერტმფრენს არავითარი პრობლემა არ ჰქონია. რა მოხდა, ამას ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები დაადგენენ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები