“სესიაზე პრეზიდენტის აქტი კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად უნდა დავამტკიცოთ”
“პრეზიდენტის აქტი კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად უნდა დავამტკიცოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემულ იმ აქტზე რამდენიმე წუთში იმსჯელებს, რომელიც ბორჯომის ხეობაში სამხედრო ძალების გამოყენებას ეხება.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კობახიძე სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
„როგორც მოგეხსენებათ, ხანძრის ლიკვიდაციისთვის საჭირო სამხედრო ძალების გამოყენება გახდა. შესაბამისი წარდგინებით პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე აქტი გამოსცა. გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხანძრის ლიკვიდაციაში სამხედრო ძალები უკვე ჩართული იყვნენ და ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს სამხედრო ძალების გამოყენება შესაძლებელია სხვა არეალშიც. სესიაზე უნდა შევიკრიბოთ, რათა პრეზიდენტის აქტი კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად დავამტკიცოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის აქტზე, რომელიც სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენებას ეხება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც იმსჯელეს. დეპუტატებს აქტის შინაარსი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. აქტის კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.