თურქეთი გერმანიისგან ეჭვმიტანილის ექსტრადირებას ითხოვს
თურქეთი გერმანიისგან არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ეჭვმიტანილის ექსტრადირებას ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციითვე, ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააჟღერა.
საუბარია თეოლოგიის ლექტორ ადილ ოკსუზზე, რომელიც ანკარის მტკიცებით, ამბოხის დაგეგმვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თურქეთმა ადილ ოკსუზის ექსტრადირების მოთხოვნით, დიპლომატიური ნოტა გერმანულ მხარეს უკვე გაუგზავნა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, ადილ ოკსუზი ქვეყნის საჰაერო ძალებში შემავალი იმ სამხედროების იმამი იყო, რომლებმაც გასული წლის ივლისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობა დაბომბეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, ოკსუზი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საჰაერო ბაზაზე დააკავეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ორ დღეში გაათავისუფლეს. მას შემდეგ მან თურქეთის ტერიტორია დატოვა. თურქული მედიის ინფორმაციით, გერმანიამ მას ქვეყანაში დროებითი ბინადრობის უფლება მისცა.