კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”სუპერ ტვ“ წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სუპერ ტვ“, გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო, წერილობით გააფრთხილა.
როგორც „კვირას“ კომისიიდან აცნობეს, უწყების აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შპს „სუპერ ტვ“ მიმდინარე წლის 26 ივნისს “Eurasian Broadcasting Enterprise Limited”-ის წერილის საფუძველზე შეამოწმა, რომელიც კომისიას ატყობინებდა, რომ უკანასკნელი სამაუწყებლო არხებს – „Setanta Sport“-ს და „Setanta Sport+“-ს შესაბამისი ნებართვის გარეშე სთავაზობდა საკუთარ აბონენტებს.
”შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „სუპერ ტვ“, გარდა ზემოთხსენებული სპორტული არხებისა, შესაბამის ნებართვას ან ლიცენზიას შემდეგ სამაუწყებლო არხებზეც – „ТНТ“, „Rai 1“, და “TRT Turk” – არ ფლობდა. კომისიამ საჯარო სხდომაზე მოისმინა ყველა დაინტერესებული პირის პოზიცია და მიიჩნია, რომ შპს „სუპერ ტვ“-მ ”ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, ”ისმოს“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია.
კომისიის გადაწყვეტილებით, იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა”, – აცხადებენ კომისიაში.