ქეთევან ციხელაშვილი: 2008 წლის ომს ჩვენი საზოგადოებების სახით გამარჯვებული არ ჰყავს

„ჩვენმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების ცალსახად მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია, რომელიც დარწმუნებული ვართ, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს არის ქვეყნის დეოკუპაციის და კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებების შერიგების გზა“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავს ეხება.
როგორც მან განაცხადა, განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი არ შედის არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში.
„8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ღიად, ტანკებით, აგრესიით და უზარმაზარი ნახტომით კავკასიონის ქედს მიღმა, სადაც გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ჩვენს დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ომის შედეგად სახლებიდან გამოიდევნა ათასობით ადამიანი, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიკადებით შემოსაზღვრული, რაც უამრავ პრობლემას უქმნის გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს ჩვენი საზოგადოებების სახით. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და საერთო ტკივილი. 9 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდგომ და ეს საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ დავინახოთ და შევაფასოთ ომის მძიმე შედეგები; გავაცნობიეროთ, რომ შექმნილი ვითარება, განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი არ შედის არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში. ჩვენ ყველა ვზარალდებით. მავთულხლართებით, მიწათხრილებით თუ სხვა ხელოვნური დაბრკოლებებით ოჯახების, სოფლების, ნათესავების გაყოფა, ადგილობრივების უკანონო დაკავებები, მიუღებელია და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ ჰუმანურობის პრინციპებს და ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებს. კაცობრიობის ისტორიას ახსოვს არაერთი ხელოვნური კედლის ნგრევა. ბერლინის კედელიც დაინგრა და აუცილებლად დადგება დრო, როცა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები დაიშლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მშვიდობიანი გზით დაპირისპირების აღმოფხვრაზე. ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება ოკუპაციას და მის გადაჭრას მშვიდობიანად, დიალოგის გზით შეეცდება.
„ეს დრო ისტორიისთვის შესაძლოა, ხანმოკლე პერიოდი იყოს, ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის კი ძალიან ხანგრძლივი პერიოდია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, მათ ბედსა და მომავალზე, ვისთვისაც მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიურ გამოწვევად იქცა. ჩვენ არანაკლებ გვაწუხებს მავთულხლართებით იზოლირებული მოსახლეობის ბედი. ჩვენი საზოგადოებების დიალოგის გზით უნდა მოვძებნოთ პრაგმატული გამოსავლები, ვიმსჯელოთ ერთობლივ ინტერესებზე და ინიციატივებზე, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, დაცულ უფლებებზე, უკეთესი განვითარების პერსპექტივებზეა ორიენტირებული. ჩვენ ერთად შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ და ეს დღეს უნდა გავაკეთოთ. აღარ უნდა დავუშვათ ომი, დაპირისპირება, პროვოკაციებში ჩათრევა; უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მშვიდობიან უკეთეს მომავალზე. ეს კი გულისხმობს დაპირისპირებების აღმოფხვრას, დიალოგს და შერიგებას.
ჩვენმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების ცალსახად მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია, რომელიც დარწმუნებული ვართ, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს არის ქვეყნის დეოკუპაციის და კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებების შერიგების გზა. ერთიან ევროპულ სახელმწიფოში თანაცხოვრება, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის და დე ფაქტო ანექსიის ერთადერთი ალტერნატივა. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან თავისუფლებისთვის ბრძოლაში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს პარტნიორს ამ მყარი მხარდაჭერისათვის, რაც საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის პრინციპს ეფუძნება და რაც დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები