რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, ინციდენტი „არანაირად არ იყო მისაღები“.
ესტონეთის თავდაცვის ძალების პრესრელიზის თანახმად, რუსული „სუ-25“ ფინეთის ყურეში იუმინდას ნახევარკუნძულთან შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, სადაც ერთ წუთზე ნაკლები გაატარა.
მათივე ცნობით, ფრენის გეგმა წარდგენილი არ იყო, თვითმფრინავის ტრანსპონდერები გამორთული იყო და პილოტს ესტონეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურთან ორმხრივი კომუნიკაცია არ ჰქონდა.
პორტუგალიის საჰაერო ძალების F-16 გამანადგურებლები, რომლებიც ნატოს ბალტიის საჰაერო საპოლიციო მისიის ფარგლებში ამარიში განლაგდნენ, ინციდენტზე რეაგირება მოახდინეს და სადაზვერვო ფრენა განახორციელეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ესტონეთში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარა და დიპლომატიური ნოტა გადასცა.
„ესტონეთის თვალსაზრისით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც არანაირად არ არის მისაღები“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა ესტონეთის წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნის, Exercise Hedgehog-ის პარალელურად მოხდა, რომელშიც ესტონეთისა და მოკავშირე ქვეყნების 16 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.