ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 18 მაისამდე ახანგრძლივებენ

ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ, – ამის შესახებ პაკისტანის პირველმა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაკ დარმა განაცხადა.

როგორც პარლამენტში გამოსვლისას დარმა აღნიშნა, შეთანხმებას ორი ქვეყნის სამხედრო მეთაურებს შორის 14 მაისს გამართული ახალი სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს. ამასთან, მან გაიხსენა, რომ პირველი ასეთი საუბარი 10 მაისს შედგა.

„სამხედრო ოპერაციების მეთაურებს შორის საუბრის დროს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 12 მაისამდე გაგრძელდა. როდესაც მეთაურებმა 12 მაისს კვლავ ისაუბრეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 14 მაისამდე გაგრძელდა. 14 მაისს ჩატარებული შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გახანგრძლივდა“, – განუცხადა ვიცე-პრემიერმა პაკისტანის პარლამენტის ზედა პალატას.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები 22 აპრილს დაიძაბა, როდესაც ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, პაჰალგამის ქალაქთან ახლოს ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 25 ინდოელი და ერთი ნეპალის მოქალაქე დაიღუპა. ინდოეთის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება, რომ მომხდარ თავდასხმაში პაკისტანის სამსახურებთაშორისო დაზვერვა მონაწილეობდა. თავის მხრივ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ინდოეთის ბრალდებები უარყო.

7 მაისის ღამეს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პაჰალგამის თავდასხმის საპასუხოდ ოპერაცია „სინდური“ ჩაატარა, რითაც პაკისტანში „ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“ დაარტყა.

ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით, ინდოეთმა პაკისტანში ხუთ დასახლებულ პუნქტს შეუტია, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები