„არცერთი ქვეყნის ხელისუფალი არ დაუშვებდა ამგვარი ძველი და კულტურული კერის ჯერ იავარქმნას, შემდეგ კი გაყიდვას“

ქუთაისის მწერალთა კავშირის შენობის გაყიდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქუთაისელი მწერლები ეხმაურებიან. მწერალი ცირა ყურაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელ, გულისტკივილით სავსე სტატუსს აქვეყნებს.
„ამ შენობას უკავშირდება ჩემი და ჩემი თაობის მწერალთა შემოქმედებითი ბიოგრაფია. აქ ვიყრიდით თავს პოეტები, ხელოვანები, ლიტერატურისმოყვარულნი მთელი იმერეთიდან. გვქონდა გაცხოველებული მსჯელობა და კამათი, რაც გვზრდიდა და ისეთ გარემოს გვიქმნიდა, რომლის გარეშეც საკუთარი თავის პოვნა, შემოქმედებითი გზისა, თუ ძალის, ხარისხის განსაზღვრა რთულია. ეს უპირველესად წინა თაობის მწერლების და განსაკუთრებით რეზო ჭეიშვილის დამსახურება იყო, მან მოგვიყარა თავი ახალგაზრდებს ლიტერატურულ ჟურნალ ,,განთიადის“ რედაქციაში, ზოგს მუშაკებად, ზოგს კი ამ ჟურნალის ფურცლებზე… მისივე თაოსნობით ოთხმოციან წლებში ამ შენობაში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა განსაკუთრებული პეწი შემატა და სასიამოვნო გახადა ეს გარემო.
ხელისუფლების უგვანმა პოლიტიკამ, მასთან შეურიგებლობამ და ჩვენი სოციალური ყოფის სიძნელეებმა ამ ძვირფას შენობაში ჩვენი ოთახების კარი გამოგვახურინა, ვიმედოვნებით, რომ მხოლოდ დროებით და მალე შევძლებდით (მე, პირადად, სასექტემბროდ ვგეგმავდი) დამწყებ მწერლებთან იმ ურთიერთობათა ჯაჭვის აღდგენას, რასაც გამოცდილების გაზიარება ჰქვია.
არცერთი ქვეყნის ხელისუფალი არ დაუშვებდა ამგვარი ძველი და კულტურული კერის ჯერ იავარქმნას, შემდეგ კი გაყიდვას. ის მიზერული ხარჯი, რაც ამ შენობის აღდგენას დასჭირდებოდა, ქუთაისის საკრებულოს წევრებსა და პარლამენტართა უმრავლესობას საკუთარი ჯიბიდანაც შეეძლოთ დაეფინანსებინათ, რომ მათ ნამდვილად აღელვებდეთ ქვეყნის მომავალი და პირადად არ იყვნენ გამწარებულნი მოხვეჭაზე. ქალაქის მერის ,,მოღვაწეობაზე“ კი თუნდაც ,,მაკდონალდსის“ მწარე გამოცდილების გამო აღარაფერს ვიტყვი.
ამ შენობის გაყიდვა კიდევ ერთი ლახვარია ჩემს გულში…
ვწუხვარ, რომ ერთი ხელის მოსმით იყიდება ყველაფერი, რისი გაყიდვაც არ შეიძლება, რომ ქალაქში აღარ რჩება კულტურული სივრცე ადამიანებისთვის, მათ შორის მწერლებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მწერლებისთვის…
ქუთაისი უმომავლო ქალაქია“… – წერს ცირა ყურაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები